ეკონომისტი გიორგი ხიშტოვანი ივნისის ინფლაციის მაჩვენებელს ეხმაურება და ამბობს, რომ განსაკუთრებით საყურადღებოა სურსათზე წლიურად 10%-ით გაზრდილი ფასი, რომლის კონტრიბუციაც მთლიან ინფლაციაში მაღალია.
„დიდი ხნის პაუზის შემდეგ, სურსათზე და უალკოჰოლო სასმელებზე ინფლაციამ 10%-ს გადააჭარბა და ივნისის მდგომარეობით 10,1%-ს შეადგინა. რაც დამატებით საყურადღებოა, მთლიან ინფლაციაში, რომელიც 4%-ს შეადგენს, კონტრიბუციების მხრივ, სურსათის წილი 3,34%-ია.
ეს გარემოება, თავის მხრივ, ნიშნავს შემდეგს:
- • არსებულ მთლიან სამომხმარებლო კალათაში სურსათის და უალკოჰოლო სასმელების წილი არის დაახლოებით 35%;
- • ამავე დროს, სავარაუდოდ, სხვადასხვა შემოსავლის მქონე ოჯახს, სხვადასხვა ხარჯების სტრუქტურა ექნება (სავარაუდოდ, რაც მეტია შემოსავალი, მით უფრო დაბალი წილი ექნება მთლიან დანახარჯებში ხარჯებს სურსათზე);
- • შესაბამისად, თუ თქვენს ოჯახში, სურსათზე მიდის ხარჯების 50%, მაშინ, თქვენთვის ინფლაცია სადღაც 6% გამოვა;
- • თუ თქვენს ოჯახში, სურსათზე მოდის ხარჯების 75%, მაშინ, თქვენთვის ინფლაცია, სადღაც 8.5% გამოვა;
- • თუ თქვენს ოჯახში, სურსათზე მოდის ხარჯების თითქმის 100%, მაშინ თქვენთვის ინფლაცია სადღაც 11%-იანი.
რაღაცით, ეს სურათი დაქირავებულების საშუალო ხელფასის სიტუაციას მაგონებს, როდესაც, საშუალო ხელფასი 2200 ლარია, მაგრამ 2200 ლარი ან მეტი ხელფასი მოსახლეობის მხოლოდ 35% აქვს. აქაც, ინფლაცია 4%, მაგრამ თუ შენი ხარჯების მაგ. 80% სურსათზე გეხარჯება, მაშინ შენთვის ინფლაცია უკვე 9% გამოდის. რომ შევაჯამო, ინფლაციის ეს მდგომარეობა საყურადღებოა, რადგან ამ 4%-იანი ინფლაციის უკან, დაბალშემოსავლიან ადამიანებისთვის ინფლაციის რეალური დონე უკვე კრიტიკულად მაღალი შეიძლება იყო", - წერს ხიშტოვანი.
ინფლაციას [სამომხმარებლო ფასების ინდექსს] სტატისტიკის ეროვნული სამსახური ყოველთვიურად სამომხმარებლო კალათის საფუძველზე ანგარიშობს.
სამომხმარებლო კალათა 300-ზე მეტ პროდუქტსა და მომსახურებას აერთიანებს და მოიცავს ქვეყნის მოსახლეობის მიერ შეძენილ ყველაზე ხშირად მოხმარებად საქონელსა და მომსახურებას. თითოეულ პროდუქციას საკუთარი წონა აქვს მინიჭებული და ზოგიერთ მათგანზე ფასის ცვლილებას უფრო მეტი გავლენა აქვს ინფლაციაზე, ვიდრე სხვებს.