საქართველოში, რეგიონის სხვა ქვეყნების მსგავსად, დღის და ღამის ტარიფები ამოქმედდება. ამ დროისთვის ქვეყანაში საფეხურებრივი ტარიფი მოქმედებს, რაც იმას ნიშნავს, რომ რაც მეტს ხარჯავ, მით მეტს იხდი.

ეს მაშინ, როდესაც სხვა ქვეყნებში ღამის ტარიფი უფრო იაფია, ვიდრე დღის, გადასახადებს შორის განსხვავება კი ხშირ შემთხვევაში 6-დან 10 თეთრამდე მერყეობს.

იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოში ელექტროენერგიის დღისა და ღამის ტარიფები, საათობრივ ვაჭრობაზეა მიბმული, მისი ამოქმედება რამდენჯერმე გადავადდა. თუმცა, მთავრობის ახალი დადგენილების მიხედვით, ენერგეტიკული ბირჟა სრულად (შესაბამისად, საათობრივი ვაჭრობაც) 2027 წლის 1-ლი ივლისიდან ამოქმედდება. სწორედ ამ პერიოდიდან დაიწყება დღისა და ღამის ტარიფებით ელექტროენერგიის ხარჯის დათვლაც.

საქართველოში ელექტროენერგიის დღის და ღამის ტარიფები 2027 წელს ამოქმედდება

ცნობისთვის, საქართველოში ელექტროენერგიის ენერგეტიკული ბირჟა 2024 წლის 1-ლი ივლისიდან ამოქმედდა, თუმცა ნაწილობრივ. კერძოდ, ამ ეტაპზე ვაჭრობა დღით ადრე და დღიური მოდელით არის შესაძლებელი. რაც შეეხება საათობრივ ვაჭრობას, მისი, ისევე როგორც საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის ამოქმედების პერიოდი 2025 წლის 1-ელ ივლისის ნაცვლად, 2027 წლის 1-ელ ივლისიდან ამოქმედდება.

შეგახსენებთ იმასაც, რომ ბირჟაზე ვაჭრობაში ჩართვა ნებაყოფლობითია და შეუძლიათ გენერაციის ობიექტების მფლობელებსა და ელექტროენერგიის მომხმარებლებს. თუმცა „მომხმარებლებში“ მოსახლეობა და მცირე ბიზნესი არ არის გათვალისწინებული, აქ საუბარია ენერგეტიკულ ბირჟაზე წარმოდგენილ საშუალო და მსხვილ ბიზნესებზე. ენერგეტიკულ ბირჟას ამ ეტაპზე ბაზრის 24 მონაწილე ჰყავს. აქედან ელექტროენერგიით ვაჭრობას 18 შპს და 6 სააქციო საზოგადოება ახორციელებს. ყველა მათგანი დღით ადრე და დღიური ვაჭრობის მოდელში არიან ჩართულები.

წყარო: ბიზნესპრესნიუსი