ბუნებრივი კატასტროფებით გამოწვეული ზარალის ანაზღაურება სადაზღვევო კომპანიებს $145 მილიარდი დაუჯდებათ, რაც 10-წლიან საშუალო მაჩვენებელს მნიშვნელოვნად აღემატება, - ამის შესახებ აღნიშნულია Swiss Re Institute-ის კვლევაში. 

დოკუმენტის მიხედვით, 2024 წელს კი ეს მაჩვენებელი $137 მილიარდი იყო. კვლევა ზარალის ზრდის მიზეზებად მოსახლეობის ზრდას, ურბანულ განვითარებასა და კლიმატის სწრაფი ტემპით ცვლილებას ასახელებს. მონაცემი მოიცავს ლოს-ანჯელესში მომხდარი მასშტაბური ხანძრით გამოწვეულ $40-მილიარდიან ზარალსაც.

ზარალის ღირებულების ზრდას ძირითადად იწვევს მწვავე შტორმი, წყალდიდობა და ხანძარი. ნავარაუდებია, რომ სამომავლოდწლიური  ზარალიანობა 5%-დან 7%-მდე იქნება. კვლევის მიხედვით, მიმდინარე წლის პიკური მაჩვენებელი, შესაძლოა, მომდევნო წლებში გაიზარდოს და $300 მილიარდსაც მიაღწიოს.

ბუნებრივი სტიქიების გახშირებასთან ერთად, ამერიკულ კომპანიებს დაზღვეული ზარალის ასანაზღაურებლად უფრო მეტის გაღება უწევთ. შარშან გლობალურად ანაზღაურებული ზარალის 80% სწორედ შეერთებულ შტატებზე მოდის, ფლორიდაში, ტეხასში, კალიფორნიასა და სხვა შტატებში მომხდარი ბუნებრივი კატასტროფების გამო. იზრდება მოზიდული პრემიების რაოდენობაც; მაგალითისთვის, ფლორიდაში, სადაც ხშირია ქარიშხლები, მოზიდული პრემიის რაოდენობა ორჯერ აღემატება ეროვნულ საშუალო მაჩვენებელს.

ცნობისთვის, ბუნებრივი სტიქიების გამო გლობალურმა ეკონომიკამ ბოლო ათწლეულში $2 ტრილიონის ზარალი მიიღო. არც სამომავლო პროგნოზებია განსაკუთრებით პოზიტიური. Zurich Insurance-ის თანახმად, ბოლო 30 წელში ბუნებრივი კატასტროფებით გამოწვეული დაზღვეული ზარალის მოცულობა უფრო სწრაფი ტემპით გაიზარდა, ვიდრე გლობალური ეკონომიკა.

ინდუსტრიის წარმომადგენლების განმარტებით, დანაკარგების თავიდან ასარიდებლად ინდუსტრიას მეტი მოქნილობა სჭირდება, მათ შორის, გადასახედია საფასო პოლიტიკაც. საქმე ისაა, რომ მზარდი ტენდენციების გამო, სარისკო ზონებში სადაზღვევო კომპანიებმა მომსახურების ფასი გაზარდეს, თუმცა სექტორი მაინც საუბრობს, რომ სადაზღვევო დაფარვები მზარდ ზარალს ვერ ეწევა, რასაც უფრო მეტ დაუზღვეველ სახლამდე თუ ბიზნესამდე მივყავართ.