საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ ქალაქ ბაღდათში წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის სამშენებლო სამუშაოები დაიწყო. პროექტი გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. 

პროექტის მიმდინარეობის პროცესს კომპანიის დირექტორი დავით კვინიკაძე, მოადგილეებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან  ერთად ადგილზე გაეცნო. 

აღნიშნული პროექტის ფარგლებში წყალმომარაგების მიმართულებით გათვალისწინებულია: ბაღდათის და საირმის სათავე ნაგებობებისა და არსებული რეზერვუარის რეაბილიტაცია, წყალმომარაგების 36,6 კმ  ქსელის მშენებლობა. აშენდება ბუსტერული ტიპის სატუმბი სადგური და მოეწყობა ახალი SCADA სისტემა.

პროექტი ასევე ითვალისწინებს წყალარინების  46,5 კმ  ქსელის მშენებლობა-რეაბილიტაციას.  აშენდება 1 დიდი და 7 პატარა სატუმბი სადგური. სანიაღვრე სისტემის ნაწილში კი 19 კმ სანიაღვრე ქსელი მოეწყობა. 

დამატებით,  გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ქალაქ ბაღდათში წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობას გეგმავს.  გარდა ამისა,  მიმდინარეობს წყალმომარაგების გამწმენდი ნაგებობის პროექტირება, რომლის დასრულების შემდეგაც დაიწყება სამშენებლო სამუშაოები. 

წყალმომარაგების სამუშაოების შედეგად, ბაღდათის მოსახლეობა, 2025 წლის ბოლოდან 24 საათიანი წყალმომარაგებით, ხოლო წყალარინების ახალი, თანამედროვე ინფრასტრუქტურით 2026 წლის ბოლოდან ისარგებლებს.

აღნიშნული ხელშეკრულების ღირებულება 75 მლნ ლარზე მეტს შეადგენს.

ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.