ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის ივნისის თვეში, სამართალდარღვევის 65 ფაქტი გამოავლინეს - ინფორმაციას სააგენტო ავრცელებს.

„სამართალდარღვევებიდან 64 ფაქტი ხე-ტყის უკანონო მოპოვება და ტრანსპორტირებაა. (მათ შორის 3 ფაქტი შეიცავდა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს). ჯამში ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული, სხვადასხვა სახეობის 79 კუბურ მეტრამდე ხე-ტყე, რომელიც სააგენტოს „საქმიან ეზოებში“ დასაწყობდა.

ქვეყნის მასშტაბით, ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების ფაქტებიდან 6 სამართალდარღვევა გამოვლენილია იმერეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ, 8 - სამცხე-ჯავახეთის, 33 - გურიის, 1 - ქვემო ქართლის, 8- კახეთის, 3 - მცხეთა-მთიანეთის და 6 - რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ.

მცხეთა-მთიანეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ, ასევე გამოვლენილია სახელმწიფო ტყის ფონდის თვითნებურად დაკავების 1 ფაქტი.

ეროვნული სატყეო სააგენტოს პრიორიტეტული მიმართულება ტყის აღდგენის ღონისძიებებია, რომელიც ქვეყნის მასშტაბით 4000 ჰა ფართობზეა განხორციელებული, ხოლო გეგმის მიხედვით, 2030 წლამდე აღდგენის სამუშაოები სულ მცირე 20 000 ჰა ფართობზე განხორციელდება. ასევე, მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის ცნობილი სახეების ჩართულობა სააგენტოს მიერ დაგეგმილ საინფორმაციო კამპანიებში. სამართალდარღვევის აღკვეთის მიზნით, ეროვნული სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებულ სახელმწიფო ტყის მთელ პერიმეტრზე განთავსებულია ფოტოხაფანგებიც, რაც, სატყეო სამსახურის თანამშრომლების პატრულირებასთან ერთად, ბუნებრივი რესურსებით უკანონო სარგებლობის გამოვლენის საშუალებას იძლევა“ - ნათქვამია ინფორმაციაში.