ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის სოციალურ კავშირებზე მომუშავე კომისიამ მსოფლიოში მარტოობისა და სოციალური იზოლაციის გავრცელების შესახებ ანგარიში წარმოადგინა. სპეციალისტების შეფასებით, ყოველი მეექვსე ადამიანი განიცდის მძაფრ მარტოობას, რაც პირდაპირ კავშირშია ჯანმრთელობის გაუარესებასთან.

ორგანიზაციის გათვლებით, მარტოობა წელიწადში დაახლოებით 871 ათას სიკვდილს უკავშირდება, რაც საათში დაახლოებით 100 სიკვდილს ნიშნავს.

კომისიის თანათავმჯდომარემ, აშშ-ის ყოფილმა მთავარი სანიტარიული ექიმმა ვივეკ მერტიმ განაცხადა, რომ მარტოობა პირველად განიხილება, როგორც სერიოზული გლობალური პრობლემა, რომელიც კომპლექსურ გადაწყვეტებს მოითხოვს. ანგარიშში ასევე წარმოდგენილია სოციალური კავშირების გაძლიერების სტრატეგია. ავტორები მიიჩნევენ, რომ მისი განხორციელება იმოქმედებს არა მხოლოდ ჯანდაცვაზე, არამედ განათლებისა და ეკონომიკის სფეროებზეც.

ჯანმო განასხვავებს ორ ცნებას: მარტოობა - ურთიერთობების დეფიციტის სუბიექტური შეგრძნება და სოციალური იზოლაცია - კონტაქტების ობიექტურად არარსებობა. ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეისუსმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მარტოობის შედეგები მოქმედებს როგორც ცალკეულ ადამიანზე, ისე მთლიან საზოგადოებაზე. მან ადამიანებს სოციალური კავშირების გაძლიერებისკენ, მათ შორის ციფრული კომუნიკაციის ფორმატებით მოუწოდა.

ანგარიშის თანახმად, მარტოობა არ შემოიფარგლება რომელიმე კონკრეტული ასაკით, თუმცა უფრო ხშირად გვხვდება მოზარდებს შორის და დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში. 13-დან 29 წლამდე ასაკის ადამიანების 17%-დან 21%-მდე აცხადებს, რომ თავს მარტო გრძნობს. დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში მარტოობას აღნიშნავს რესპონდენტების 24%, მაშინ როცა უფრო განვითარებულ ქვეყნებში დაახლოებით 11%.

სოციალური იზოლაციის შესახებ მონაცემები უფრო მწირია, თუმცა წინასწარი მონაცემებით, ის აზიანებს ხანდაზმულთა დაახლოებით მესამედს და მოზარდების მეოთხედს. ანგარიშში ნათქვამია, რომ განსაკუთრებით დაუცველები არიან შშმ პირები, ლტოლვილები, მიგრანტები და უმცირესობების წარმომადგენლები.

ექსპერტების თქმით, მარტოობას გავლენა აქვს როგორც ფსიქიკურ, ისე ფიზიკურ მდგომარეობაზე. განათლების სფეროში ის დაკავშირებულია აკადემიური მოსწრების დაახლოებით 22%-ით შემცირებასთან. საზოგადოებრივ დონეზე მარტოობა ასუსტებს ადამიანებს შორის კავშირებს და ზრდის ეკონომიკურ დანახარჯებს პროდუქტიულობის ვარდნისა და ჯანდაცვის სისტემაზე მომატებული წნეხის გამო.

 imedinews.ge