ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში – ღვერკსა და ხემაღალში, მეწყრული პროცესები გააქტიურდა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა, როგორც საცხოვრებელ სახლებს, ასევე დააზიანა საავტომობილო გზების გარკვეული მონაკვეთები და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები. 

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, მეწყრული პროცესების დეტალური შესწავლის მიზნით, მუშაობს გეოლოგთა ჯგუფი, სპეციალისტები მეწყრის გამომწვევ მიზეზებს ადგენენ, რის შემდეგაც შესაძლო რისკების პროგნოზი გაკეთდება. უწყების ინფორმაციით, ადგილობრივი მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს არსებული მდგომარეობის მონიტორინგს და ყველა საჭირო ღონისძიებას გეოლოგების ოფიციალური დასკვნისა და რეკომენდაციების საფუძველზე განახორციელებს.

მოხდა 17 ოჯახის ევაკუაცია. ეს ის ოჯახებია, რომელთა საცხოვრებელ ზონებში მდგომარეობა კრიტიკულად სარისკო იყო, თუმცა დაზიანებულია ბევრად მეტი სახლი (დაახლოებით 30-მდე დათვლილი ჯერ-ჯერობით). სოფლებში დარჩენილი მოსახლეობა ელოდება გეოლოგიურ დასკვნას, რომლითაც უნდა გადაწყდეს გააგრძეწლებნ თუ არა საკუთარ სახლებში ცხოვრებას.

ამ ეტაპზე სოფლების შესასვლელები წითელი ლენტებითაა შემოსაზღვრული და გამოკრულია აბრა, რომელზეც წერია, რომ იქ შესვლა სახიფათოა.

ადგილობრივები ამბობენ, რომ მეწყრული პროცესები ბოლო ორი კვირაა შეუქცევადად გრძელდება. ორი-სამი კვირის განმავლობაში აქ მოსახლეობა ყოველ დღე მიწაზე, სახლების კედლებზე, ახალ-ახალ ბზარებს ამჩნევდა. დამსკდარი მიწის ნაპრალების სიღრმე 2 მეტრსაც კი აჭარბებს.

ამ დრომდე უპასუხოდაა კითხვები:

დაახლოებით როდისთვის, რამდენ ხანში იქნება გეოლოგიური დასკვნა?

სიტუაციის სწრაფად გაუარესების შემთხვევაში, რაც მეწყრული პროცესისთვის ბუნებრივია, რეაგირების რა მექანიზმები და გეგმა აქვს ადგილობრივ ხელისუფლებას?

თუ ნაპრალები და ბზარები 2-3 კვირის განმავლობაში ჩნდებოდა და იზრდებოდა, სააგენტომ და ადგილობრივმა მთავრობამ სტიქიისთვის მზადყოფნის გასაძლიერებლად რა ღონისძიებებს მიმართა?

ორგანიზაცია „საქართველოს მწვანეები – დედამიწის მეგობრების“ თავმჯდომარის, ნინო ჩხობაძის, შეფასებით, ხარაგაულში ახლა სხვა ტიპის მეწყერთან გვაქვს საქმე, უფრო ტექტონიკური პროცესები მიდის, ანუ, ფილების, ქანების, მოძრაობა, თუმცა ამას ემატება ისიც, რომ არის მაღალი რისკის მეწყერსაშიში ზონა. ეს ყველაფერი კი, ჩხობაძის განმარტებით, სპეციფიკურ მიდგომებს საჭიროებს.

როგორც ნინო ჩხობაძე “აგრო სიახლეებს” ეუბნება, ამ ეტაპზე ადგილობრივი მუნიციპალიტეტის რეაგირება ბევრად სწრაფი და მოქნილია, თუმცა, დამაკმაყოფილებელი მაინც არაა. ხარაგაულის შემთხვევამ, აჩვენა, რომ პირველადი გაფრთხილების სისტემა ეფექტურად ვერ მუშაობს, არადა, ის ყველა მუნიციპალიტეტისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ჩხობაძის შეფასებით, არიან ერთეული მუნიციპალიტეტები, რომლებიც კრიზისებისთვის მზად მეტნაკლებად არიან და რეაგირების გეგმაც აქვთ. მისივე თქმით, ხარაგაული, ონთან და ლეჩხუმთან ერთად, ამ მცირერიცხოვანთა შორისაა.

როგორც „საქართველოს მწვანეები – დედამიწის მეგობრების“ თავმჯდომარე ამბობს, აუცილებელია მუნიციპალიტეტებში არსებობდეს შესაბამისი საშტატო ერთეულები, რომელსაც გავლილი ექნებათ სპეციალური ტრენინგები, სწავლებები და რომლებსაც უფრო მჭიდრო და სწრაფი კავშირი ექნებათ ცენტრალურ ხელისუფლებასთან.

"მხოლოდ ასეთ შემთხვევაში, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების მხოლოდ ამგვარი კოორდინაციით, იქნება რეაგირებაც ბევრად ეფექტური, – ამბობს ნინო ჩხობაძე და დასძენს, რომ "აუცილებელია ქვეყანას ჰქონდეს გამართული და ორგანიზებული, სისტემურად აწყობილი, გეოლოგიური სამსახური”. მისივე თქმით, თავის დროზე ამ სამსახურის გაუქმება დიდი შეცდომა იყო, რის შედეგსაც ქვეყანა ახლა იმკის. კიდევ ერთიც,რაზეც ჩხობაძე ყურადღებას ამახვილებს, ისაა, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში სახელმწიფომ საბუნებისმეტყველო სფეროში სპეციალისტების გამოზრდა უნდა დაასტიმულიროს. წინააღმდეგ შემთხვევაში, სპეციალისტი დარწმუნებულია, რომ ასეთ სწრაფად ცვალებად გარემოში (კლიმატური ცვლილება, გარემოსდაცვითი პრობლემები, ეკოლოგია, სტიქიური კატასროფები) პრობლემის დაძლევა როგორც ცენტრალურ, ისე ადგილობრივ ხელისუფლებას, გაუჭირდება.