გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამეგრელოში, იმერეთსა და კახეთში 4 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს – ინფორმაციას დეპარტამენტი ავრცელებს.
„2 სამართალდარღვევა გამოვლენილია წალენჯიხის მუნიციპალიტეტში - სოფელ მუჟავაში ცირკული, სოფელ ლიაში კი - ქარხნულად დამზადებულ მისაბმელზე დამონტაჟებული ლენტური ტიპის სახერხი დანადგარებია დალუქული.
ლენტური ტიპის სახერხი დანადგარი ჰქონდა მოწყობილი მოქალაქეს ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ სალომინაოში, საკარმიდამო ნაკვეთში.
ქალაქ ახმეტაში კი, მოქალაქეს, კუთვნილ მიწის ფართობზე მოწყობილი არარეგისტრირებული ცირკული ტიპის სახერხი საამქროს მიმდებარე ტერიტორიაზე, 0,2 კუბური მეტრი მოცულობის ვერხვის სახეობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი) ჰქონდა განთავსებული.
ვინაიდან ოთხივე ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ, რათა დროულად მოხდეს უკანონო ტყითსარგებლობისა და სხვა გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის ფაქტების პრევენცია, აღკვეთა და გამოვლენა. ამასთან, მყისიერი რეაგირება ტარდება ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე“ – ნათქვამია ინფორმაციაში.