„მსხვილი ახალი პროექტები, რომელშიც ფულს დებდნენ ამერიკელები, ევროკავშირის წევრი ქვეყნები და ა.შ. ფაქტობრივად, აღარ იწყება“, - ამის შესახებ ეკონომისტი, ილიაუნის ასოცირებული პროფესორი გოგა ხიშტოვანი „ბიზნესპრესნიუსთან“ აცხადებს და დასავლეთის ქვეყნებიდან ინვესტიციების შემცირების მიზეზებზე საუბრობს.
ინფორმაციისთვის, 2022-2024 წლებში მთლიანი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 5.721 მილიარდ დოლარს შეადგენდა, საიდანაც დასავლეთის ქვეყნების წილი 67% იყო (ჯამში აშშ, ევროკავშირი, გაერთიანებული სამეფო - 3.857 მლრდ დოლარი).
აღსანიშნავია, რომ 2022 წლიდან საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები იკლებს. ეს კლება შეინიშნება ცალკეულად როგორც ევროკავშირის, ისე აშშ-სა და გაერთიანებული სამეფოს შემთხვევაში.
„ბიზნესპრესნიუსის“ დათვლით, ბოლო სამ წელში FDI ჯამში 654.9 მლნ დოლარით შემცირდა; ამავე პერიოდში დასავლეთის ქვეყნებიდან ინვესტიციები შემცირებულია 741.8 მლნ დოლარით (შენიშვნა: შემცირება ნაწილობრივ სხვა ქვეყნებიდან ინვესტიციების ზრდით დაკომპენსირდა).
როგორც გოგა ხიშტოვანი აღნიშნავს, დასავლეთის ქვეყნებიდან ინვესტიციების შემცირებას ხელი შეუწყო ქვეყანაში არსებულმა პოლიტიკურმა გარემომ და ინვესტორებისთვის რისკების ზრდამ. მისი თქმით, შექმნილ ვითარებაში, დასავლეთიდან მსხვილი ახალი ინვესტიციები მინიმუმამდეა დასული და ის კაპიტალი, რასაც დასავლეთი საქართველოში დებს, ძირითადად, უკვე არსებულ ბიზნესებში რეინვესტირებაა.
ეკონომისტი განმარტავს, რომ რეინვესტირების გარეშე წმინდა ინვესტიციებში დასავლური კაპიტალის შემცირება უფრო შესამჩნევი იქნება.
„უნდა მივიღოთ მხედველობაში, რომ ზოგადად FDI მცირდება, ეს შემცირება ხდება მათ შორის აშშ-დან, გაერთიანებული სამეფოდან და ევროკავშირის ქვეყნებიდან. მგონია, რომ მნიშვნელოვანი ფაქტორი არის ის, რომ მსხვილი პროექტები საქართველოში, რომელშიც ფულს დებდნენ ამერიკელები, ევროკავშირის წევრი ქვეყნები და ა.შ. ფაქტობრივად აღარ იწყება. დიდი პროექტების როლი საქართველოში FDI-ს კომპოზიციაში იყო ყოველთვის ძალიან მაღალი და როგორც წესი, ის იყო მთავარი მამოძრავებელი ინვესტიციების მაჩვენებლების. ბოლო წლებში სულ მინიმუმ ისეთი მსხვილი პროექტები, რომელსაც იწყებენ დასავლელი ინვესტორები, არ დაწყებულა, შესაბამისად, არ არის გასაკვირი, რომ ინვესტიციები დასავლეთიდან არის მნიშვნელოვნად შემცირებული.
მხედველობაში განსაკუთრებით უნდა მივიღოთ 2024 წელი. ეს არის პერიოდი, როდესაც დაძაბულობამ დასავლეთთან ურთიერთობებში მიაღწია პიკს და შესაბამისად, დასავლელი ინვესტორებისთვის საქართველოში თანხების ჩადების რისკების არის მნიშვნელოვნად გაზრდილი. ამ ფონზე არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ამერიკული, ევროპული და ბრიტანული ახალი კაპიტალი არ შემოდის.
ამჟამად FDI-ს დიდი წილი მოდის რეინვესტირებაზე, ხოლო დაბალი წილი მოდის ახალ ინვესტიციებზე. ჩემი მოსაზრებით, სწორედ ახალ ინვესტიციებში იქნება მინიმალური მაჩვენებლები დასავლური კაპიტალის - ამ შემთხვევაში სურათი შესაძლოა, კიდევ უფრო საყურადღებოა, ვიდრე საერთო მაჩვენებლებშია. მსხვილ კომპანიებში კაპიტალს ჯერ კიდევ ფლობენ დასავლური კომპანიები, იქნება ეს საფინანსო სექტორი თუ კომუნიკაციები და მათში ახორციელებენ რეინვესტიციებს, რაც მთლიან სტატისტიკაში ტარდება როგორც პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, მაგრამ ვფიქრობ, საყურადღებო და არასასურველი იქნება წმინდა ახალი ინვესტიციების ნაწილი...“, - აღნიშნავს ეკონომისტი.
რაც შეეხება მოლოდინებს, ხიშტოვანის თქმით, თუ ქვეყანაში შექმნილი ვითარება არ შეიცვალა, არსებობს რისკი, რომ რეინვესტიციებიც შემცირდეს, დასავლური კაპიტალი საქართველოს ბაზრით აღარ დაინტერესდეს.
„FDI-სთან მიმართებაში არსებობს ორი რისკი. პირველი - რეინვესტიციების მოცულობა შემცირდეს, იქიდან გამომდინარე, რომ კომპანიების მომგებიანობა საქართველოში შემცირდება. მაგალითად, თუ ამა თუ იმ ბანკის მომგებიანობა შემცირდა, სავარაუდოდ, უცხოელი ინვესტორი კომპანიაში ნაკლებ თანხას ჩატოვებს. მეორე, როდესაც ქვეყანა პოლიტიკურად შორდება დასავლეთს და ეს ხდება ყოველდღიურად, არის რისკი, რომ დასავლური კაპიტალი საერთოდ აღარ დაინტერესდეს საქართველოთი; მე მგონია, რომ დღეს „ქართული ოცნების“ პარტიის წარმომადგენლები ამას ძალიან კარგად ხვდებიან და ამ ფონზე მათი აღმოსავლური ტურები გასაგებია. დღეს პოლიტიკური კონტექსტიდან გამომდინარე, დასავლური კაპიტალის მოზიდვა საქართველოში არის სასწაული, ამიტომ, არ უნდა ველოდოთ თუნდაც საშუალო ზომის ახალ ინვესტიციებს. ჩემი ვარაუდით წლიდან წლამდე კიდევ უფრო უარეს სურათს მივიღებთ - დასავლური კაპიტალი საქართველოში, სავარაუდოდ, სულ უფრო და უფრო ნაკლები შემოვა და დარჩება.
ჩემი აზრით, აშშ, ბრიტანეთი და ევროკავშირის ქვეყნები ერთად, ჯერ კიდევ არიან მთავარი მოთამაშეები ფინანსურ ბაზრებზე და ზოგადად, გლობალურ ეკონომიკაში და ამ პირობებში თუ დასავლური კაპიტალი საქართველოში არ შემოვა, ეს იქნება ძალიან ცუდი საქართველოს ეკონომიკისთვის. უნდა გვესმოდეს, რომ დასავლურ კაპიტალს მოჰყვება დასავლური ბიზნესის კეთების ცოდნა, დასავლური კორპორაციული მმართველობის სტილი და ბიზნესის მართვის თანამედროვე მიდგომები. დასავლური კაპიტალის ქვეყნიდან გასვლა ავტომატურად ნიშნავს, რომ ბიზნესის კეთების მოდელი დატოვებს ქვეყანას და დაიდება რისკი, რომ ისევ დავუბრუნდეთ ბიზნესის კეთების ძველ ყაიდას - პოსტსაბჭოთა ბიზნესის კეთების მოდელს, რაც, სავარაუდოდ, დაგვაახლოებს ისევ რუსეთთან და აღმოსავლეთის ქვეყნებთან“, - განაცხადა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას გოგა ხიშტოვანმა.