თბილისის განვითარების ფონდმა გამოაცხადა ტენდერი, რომლის ფარგლებში იგეგმება თბილისის ცენტრში, პავლე ინგოროყვას ქუჩაზე კანცელარიის შენობის მიმდებარედ არსებული სამი შენობის – N7 (კოშკი), N12-ში მდებარე შენობის და N14-ში მდებარე შენობის – სარეაბილიტაციო სამუშაოები.

ტენდერის სავარაუდო ღირებულება 7.97 მილიონ ლარს შეადგენს, ხოლო წინადადებების მიღება 21 სექტემბერს დაიწყება და 26 სექტემბერს დასრულდება. ხელშეკრულების მიხედვით, სამუშაოების ვადა 18 თვეა, თუმცა N7-ის (კოშკის) შემთხვევაში – მხოლოდ 6 თვე.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა უზრუნველყოს სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები, მათ შორის კონსტრუქციული გამაგრება, ფასადების აღდგენა, შიდა და გარე კომუნიკაციების განახლება და შესაბამისი სტანდარტების დაცვა. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სამშენებლო პროცესის ხარისხს – კონსტრუქციებზე გარანტია 50 წლით განისაზღვრება, ხოლო სახურავზე 10 წლით.

ფონდმა დამატებით განსაზღვრა უსაფრთხოების და ზედამხედველობის მკაცრი პირობები: მიმწოდებელს სამუშაოების წარმოება 24-საათიან რეჟიმშიც კი დაევალება, საჭიროების შემთხვევაში. ასევე, 5%-იანი გარანტია სამუშაოების ხარისხზე დარჩება საბოლოო მიღება-ჩაბარების შემდეგ.

მონაწილეობის მსურველმა კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია – პრეტენდენტს უნდა ჰქონდეს შესრულებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სარეაბილიტაციო სამუშაოები არანაკლებ ტენდერის ღირებულების ოდენობით.

პროექტის დაფინანსება ეტაპობრივად მოხდება თბილისის ბიუჯეტიდან – 2025 წელს 10%, 2026 წელს 45% და 2027 წელს დარჩენილი 45%.

bm.ge