გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ ქვეყნის მასშტაბით საირიგაციო და სადრენაჟე ინფრასტრუქტურულ მასშტაბურ პროექტებს ახორციელებს – ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
„თელავის მუნიციპალიტეტში, სოფელ ვარდისუბნის ტერიტორიაზე, ზემო ალაზნის სარწყავი სისტემის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. დანალექი გრუნტისა და ხე-მცენარეებისგან მაგისტრალური არხის 2,7 კმ სიგრძის მონაკვეთი იწმინდება. ჩატარებული სამუშაოები არხის გამტარუნარიანობას გაზრდის, რაც წყლის შეუფერხებლად გადინებას შეუწყობს ხელს. შედეგად, დაახლოებით 1200 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდება გაუმჯობესდება.
სარწყავი არხის გაწმენდით სამუშაოებს საქართველოს მელიორაცია მაისის ბოლომდე დაასრულებს.
აღსანიშნავია, რომ 2012-2024 წლებში კახეთის რეგიონში განხორციელებული სამელიორაციო ინფრასტრუქტურული პროექტების შედეგად, წყალუზრუნვეყოფილია დამატებით 20 140 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი, ხოლო სარწყავი წყლის მიწოდება 16 285 ჰექტარზე გაუმჯობესდა“ – ნათქვამია ინფორმაციაში.