ქარელში, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის რაიონული სამსახურის ახალი შენობა აშენდება – ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
„პროექტის დეტალებს ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე გაეცნო.
საერთაშორისო სტანდარტებით დაპროექტებული შენობა, თანამედროვე ტექნიკითა და ინვენტარით აღიჭურვება. გათვალისწინებულია პერსონალის მოსასვენებელი ოთახებიც. ცენტრში სამი ბრიგადა იმუშავებს და მთელს ქარელის მუნიციპალიტეტს მოემსახურება.
როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, მნიშვნელოვანია, სასწრაფო დახმარების თანამშრომლებს ღირსეული სამუშაო პირობები ჰქონდეთ, მოსახლეობამ კი მაქსიმალურად სწრაფი და ეფექტური მომსახურება მიიღოს. მინისტრის განცხადებით, სწორედ ამ მიზანს ემსახურება, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის არსებული ინფრასტრუქტურის განახლება და ახალი შენობების მშენებლობა.
მიხეილ სარჯველაძესთან ერთად, ქარელში იმყოფებოდნენ: სახელმწიფო რწმუნებული შიდა ქართლის მხარეში სიმონ გულედანი, ქარელის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა გულიაშვილი, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი ნიკოლოზ ჩიქოვანი და ცენტრის თანამშრომლები“ – ნათქვამია ინფორმაციაში.