შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის რუსთავი - გარდაბანი - ვახტანგისის საავტომობილო გზის 10 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია აქტიურად გრძელდება – ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
„გზის რეაბილიტაციის პროექტს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს. სარეაბილიტაციო მონაკვეთი რუსთავისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე მჭიდროდ დასახლებულ უბნებზე გადის. პროექტის შესაბამისად, დაგეგმილია არსებული დაზიანებული გზის სრული რეაბილიტაცია. მოეწყობა ახალი წყალგამტარი მილები, ბეტონის კიუვეტები, ქვეითად მოსიარულეთათვის გადაკვეთები, მიერთებები და მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები.
რეაბილიტაცია ჩაუტარდება 1 ხიდს და გზის სავალ ნაწილზე დაიგება ასფალტ-ბეტონის საფარი. ასევე, გათვალისწინებულია ტროტუარების, ავტოპავილიონების, ახალი საგზაო ნიშნების მოწყობა და გზის ჰორიზონტალური მონიშვნა.
ამ ეტაპზე, მიმდინარეობს ასფალტ-ბეტონის საფარისა და ხელოვნური ნაგებობების მოწყობა.
სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 17.9 მილიონ ლარს აღემატება. პროექტის დასრულება წლის ბოლომდე იგეგმება“ – ნათქვამია ინფორმაციაში.