„თბილისის ზოგიერთ უბანზე, შესაბამისი პირობების (უპირველეს ყოვლისა უხვი ატმოსფერული ნალექების მოსვლა და მიწისძვრები) წარმოქმნის შემთხვევაში, 2025 წლის განმავლობაში შესაძლებელია კვლავ დაფიქსირდეს გეოლოგიური პროცესების გააქტიურება“. ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ მომზადებულ საინფორმაციო ბიულეტენშია საუბარი.
სააგენტოს სპეციალისტებმა 2024 წელს ჩატარებული კვლევის საფუძველზე, საქართველოს მასშტაბით კონკრეტული უბნები გამოყვეს,სადაც 2025 წლისთვის სტიქიური პროცესების გააქტიურებაა მოსალოდნელი. დოკუმენტში საუბარია თბილისის იმ უბნებზეც სადაც, რისკის ზღვარი განსაკუთრებით მაღალია და საჭიროებს გადაუდებელ რეაგირებას.
ბიულეტენის მიხედვით, მეწყრული და ღვარცოფული პროცესების გააქტიურება მოსალოდნელია გლდანის ხევში, მდინარე უკანხევის, ვერეს ხეობაში, ახალდაბის ხევში, ხევძმარის ხეობაში, ლეღვთა ხევის, დუქნის ხევის, წორწორას ხევის ხეობებში, ლიბანის ქუჩაზე, მარშალ გელოვანისა და მუხრან მაჭავარიანის ქუჩის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის ცალკეულ მონაკვეთებზე, ნუცუბიძის ფერდობზე, მუხათგვერდის სასაფლაოს მისასვლელ გზაზე, ბერთუბნის, გიორგიწმინდის, „სვანეთის უბნის“ დასახლებებში, თბილისის-წყნეთის საავტომობილო გზაზე.
გარდა ამისა, როგორც ბიულეტენში ვკითხულობთ, კლდეზვავ-ქვათაცვენის პროცესები კვლავ გაგრძელდება ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის გასწვრივ, თბილისი-მარნეულის საავტომობილო გზის ფონიჭალის მონაკვეთზე, მდინარე ლეღვთა– ხევის ფერდობებზე, ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელ გზაზე, ნუცუბიძის ფერდობზე, კოსტავას ქუჩაზე (ფიქრის გორის მიმდებარედ), მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე (თამარ მეფის და ვახუშტის ხიდის მიმდებარე უბნები), თბილისში შემოსასვლელი გზის მარჯვენა ფერდობზე (ზაჰესის მიმდებარედ).
უფრო კონკრეტულად, მეწყრული პროცესების განვითარების ყველაზე მაღალი რისკის ზონები:
- ყიფშიძის ქუჩა #6-სა და გაბაშვილის ქუჩა #9 კორპუსის მიმდებარედ;
- ცხვედაძის ქუჩის #60;
- ტიციან ტაბიძის #70-ის მიმდებარედ;
- ურიდიას #189-ის მიმდებარედ;
- ახალდაბის „დიდი მეწყერი“;
- გლდანის მშენებარე რკინიგზის დერეფანი;
- მაჭავარიანის ქუჩის მიმდებარე ტერიტორია;
- გლდანის VII მიკრორაიონის მიმდებარედ, მდინარე ხევძმარის მარცხენა ფერდი, სასაფლაო;
- ავჭალა ლიბანის ქუჩა;
- ვაშლიჯვარი-ლისის დამაკავშირებელი საავტომობილო გზა (მაჭავარიანის ქუჩა);
- წყნეთი-ბეთანიის საავტომობილო გზის მიმდებარედ;
- ბაგები-წყნეთის საავტომობილო გზა;
- ბაგები საკანდელიძის ქუჩა;
- ქოშიგორას დასახლება.
ქვათაცვენა:
- ვაკე საბურთალოს დამაკავშრებელი საავტომობილო გზა;
- ნიკოლოზ ბარათაშვილის სანაპირო რკინიგზის დერეფანი;
- ვაშლიჯვრის დასახლება არზაყან ემხუარის ქუჩა, ყვავების გორა;
- მდინარე ვერეს ხეობა ჭაბუა ამირეჯიბის სახელობის გზატკეცილი;
- მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპირო, თამარ მეფისა და ვახუშტის ხიდის მიმდებარე უბნები;
- ფონიჭალის გზატკეცილი;
- აღმაშენებლის ხეივანი;
- გლდანის ხიდების მიმდებარე, ცენტრალური საავტომობილო გზა.
ღვარცოფი, ნაპირგარეცხვა:
- გლდანის ხევის მარჯვენა ნაპირი, ელეფთერ ანდრონიკაშვილის ქუჩის მიმდებარედ;
- დიღმისწყლის ხეობა, თამარ მეფის ჩიხის მიმდებარედ.
ღვარცოფი, მდინარის ნაპირების გადარეცხვა
- გლდანის ხევი;
- მდინარე ვერეს აუზი;
- მდინარე ხევძმარი;
- მდინარე ვარაზის ხევი;
- დაბა წყნეთი, მდინარე ბაგების ხევი (უკანახევი);
- მდინარე წავკისის ხევი (ლეღვთა ხევი, სამარხა ხევი).