ემუქრება თუ არა თბილისში დაგეგმილ ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატს ჩაშლა? მთავარი საერთაშორისო სპორტული ღონისძიების დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე ვითარება დაიძაბა. ვნებათაღელვა იმ გადაწყვეტილებას მოჰყვა, რომლის მიხედვითაც, რუსი სპორტსმენები ჩემპიონატზე სპეციალური სტატუსით დაიშვებიან.

გავრცელებული ინფორმაციით, სპორტსმენთა ნაწილს პირდაპირი კავშირი აქვს კრემლთან. ისინი ირიცხებიან რუსულ არმიაში და მონაწილეობდნენ საბრძოლო მოქმედებებში უკრაინის წინააღმდეგ.

ოლიმპიური კომიტეტის ამ გადაწყვეტილებას ღიად აკრიტიკებენ სპორტსმენები სხვადასხვა ქვეყნიდან. რამდენიმე ფედერაციამ უკვე  ოფიციალურად მიმართა საერთაშორისო ფარიკაობის ფედერაციას პროტესტის წერილით, მათ შორის - უკრაინამაც.

სპორტსმენები მოითხოვენ განმარტებას, თუ რა კრიტერიუმით დაიშვნენ სანქცირებული სახელმწიფოს წარმომადგენლები მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც თბილისში ტარდება.

"მადლობას გიხდით ამ საკითხის გაშუქებისთვის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. რასაც ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაცია აკეთებს, სრულიად ეწინააღმდეგება საერთაშორისო ოლიმპირუი კომიტეტის სულისკვეთებას. ვფიქრობ, ომის მე-4 წელს ბევრი გადაიღალა ჩვენი პრობლემებით და ამას ძალიან კარგად იყენებს რუსეთი. ცნობილია, რომ რუსეტს ისედაც ძალიან დიდი გავლენა აქვს ფარიკაოების საერთაშორისო ფედერაციაზე. უკრაინნის ფედერაცია მუდმივად აპროტესტებდა და აპროტესტებს რუსი სპორტსმენების მონაწილეობას ნებისმიერ შეჯიბრებებში, თუმცა, სამწუხაროდ, ჩვენი პროტესტი უპასუხოდ რჩება ხოლმე. ახლა ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაცია ცდილობს, ისე შეცვალოს საშეჯიბრო კალენდარი და უმეტესად, ისეთ ქვეყნებში ჩაატაროს შეიჯიბრებები, სადაც რუსეთის მიმართ ლოიალურად არიან განწყობილები", - ამბობს უკრაინელი მოფარიკავე ოლღა ხარლანი. 

ფარიკაობის საერთაშორისო არბიტრი დენის პოტაპენკო რუსი მილიარდერის, უსმანოვის გვარსაც ასახელებს, რომელიც პუტინთან მჭიდრო კავშირშია და რომელიც ფარიკაობის მსოფლიო ფედერაციაში მაღალ თანამდებობას იკავებდა. პოტაპენკო არ გამორიცხავს, რომ სწორედ ამ ფაქტს უკავშირდებოდეს სხვადასხვა ქვეყანაში რუსი სპორტსმენების შეუფერხებლად ასპარეზობა.

"ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაცია უარს ამბობს, გაითვალისწინოს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის რეკომენდაციები და უშვებს რუს სპორტსმენებს შეჯიბრებებზე. მათ შორის მათ,, ვინც ძალიან ახლოს არის პუტინთან და პროპაგანდას უწევენ პუტინის იდეებს და იმას, რაც ახლა უკრაინაში ხდება. საქმე ის არის, რომ ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაცია ძაიან არის დამოკიდებული ალიშე რუსმანოვის ფულზე. ცნობილია, რომ აქვს მსოფლიო ჩემპიონატზე დაწესებული ყველაზე დიდი საპრიზო ფონდი, რაც კი ოდესმე ყოფილა ისტორიაში. ვფიქრობ, ამის სანაცვლოდ ითხოვენ, რომ რუსი სპორტსმენების მონაწილეობაზე თვალი დახუჭონ და ხმა არ ამოიღონ. ვფიქრობ, ამ მასპინძელი ქვეყნების შსს-ების პასუხისმგებლობაცაა, რომ კარგად შეისწავლონ, ვინ შედის მათ ტერიტორიაზე. მაგალიტად, ლიეტუვა და ლატვია განსაკუთრებული შემოწმების გარეშე არ უშვებენ თავისთან სპორტსმენებს ბელორუსული და რუსული პასპორტებით. ვფიქრობ, ასე უნდა მოიქცეს საქართველოს შსს-ც," - ამბობს ფარიკაობის საერთაშორისო არბიტრი დენის პოტაპენკო. 

"პირველები" კითხვებზე პასუხების მიღებას ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტთან ან რომელიმე წარმომადგენელთან შეეცადა, თუმცა უშედეგოდ.

შეგახსენებთ, რომ ფარიკაობის ჩემპიონატი თბილისში 22-30 ივლისის ჩათვლით იგეგმება.