იტალიურმა პარტიებმა – Italia Viva, Azione, Partito Democratico, Forza Italia და სხვა ცალკეულმა სენატორებმა, იტალიის სენატს რეზოლუცია წარუდგინეს, რომლითაც ხელისუფლებას ივანიშვილისა და "ოცნების" ჩინოვნიკების, რეპრესიული ქმედებების დაგმობისა და რეჟიმის წარმომადგენლებისა და ხელშემწყობების სანქცირებისკენ მოუწოდებენ.
როგორც იტალიის სენატში რეგისტრირებულ აქტში აღნიშნულია, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები საქართველოში მრავალი დარღვევებით ჩატარდა, რის გამოც იტალიის ხელისუფლებამ ხელი უნდა აიღოს ივანიშვილის თვითგამოცხადებული ხელისუფლების, ერთპარტიული პარლამენტისა და თებერვალში დანიშნული პრეზიდენტის ნებისმიერი ფორმით აღიარებაზე.
რეზოლუციაში ჩამოთვლილია რეჟიმის ის წარმომადგენლები თუ ხელშემწყობები, რომლებიც აქტის საფუძველზე იტალიამ უნდა დაასანქციროს, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილი (ისევე, როგორც ივანიშვილის ოჯახის წევრები), ირაკლი კობახიძე, კახა კალაძე, ვახტანგ გომელაური, შალვა პაპუაშვილი და სხვა. პარტიები სანქციების დაწესებას მოითხოვენ რეჟიმის მოსამართლეებზე, მხარდამჭერ ტელევიზიებსა და მათ წარმომადგენლებზე, ბიზნესმენებსა და, ზოგადად, სახელმწიფო რეპრესიული აპარატის ხელშემწყობთა ქსელზე.
აქტი იტალიის ხელისუფლებას მოუწოდებს, დაგმოს რეჟიმის მიერ ანტისამთავრობო საპროტესტო აქციებზე დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობა და მათი უკანონო დაკავება; ამასთან, ავალდებულებს, მოითხოვოს დაკავებული დემონსტრანტების უპირობო და დაუყოვნებელი გათავისუფლება, მომიტინგეების წინააღმდეგ სასტიკ ძალადობაზე გამოძიების დაწყება და ძალადობაზე პასუხისმგებელი პირების პასუხისგებაში მიცემა კანონის წინაშე.
პარტიები ევროკავშირს მოუწოდებენ, გადახედოს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმებას, ხოლო ევროკომისიას – მიმართოს გაყინული 120 მილიონი ევრო საქართველოს არასამთავრობო სექტორისა და დამოუკიდებელი მედიის მხარდასაჭერად. იტალიის ხელისუფლებას მოუწოდებს, შეაჩეროს ყველა ტიპის ფინანსური მხარდაჭერა საქართველოს კავშირგაბმულობის სექტორში საინვესტიციო პროექტებისთვის.
სენატში დარეგისტრირებული რეზოლუციის მოთხოვნების ნაწილს სრულად გთავაზობთ:
აქტი მთავრობას მოუწოდებს:
-
დაგმოს "ქართული ოცნების" "ხელისუფლება" და მოუწოდოს მათ, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ძალადობრივი რეპრესიები მშვიდობიანი მომიტინგეების, პოლიტიკური ოპონენტებისა და მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ, იმის გათვალისწინებითაც, რომ ქართული ოცნების თვითგამოცხადებული ხელისუფლება ამჟამად არღვევს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს და ძირითად საერთაშორისო ვალდებულებებს, რითაც ქვეყნის პოლიტიკური კლასისა და სამოქალაქო საზოგადოების წინამძღოლობით ათწლეულების განმავლობაში მიღებულ დემოკრატიულ რეფორმებს ძირს უთხრის;
-
არ აღიაროს "ქართული ოცნების" პარტიის თვითგამოცხადებული ხელისუფლება, ძალაუფლებაში მოსული 2024 წლის 26 ოქტომბრის ხარვეზიანი არჩევნების შედეგად, რომელიც არც თავისუფალი იყო და არც სამართლიანი და ჩატარდა დემოკრატიული ნორმებისა და სტანდარტების დარღვევით;
-
არ აღიაროს "ქართული ოცნების" მიერ მართული ერთპარტიული პარლამენტის ლეგიტიმურობა და არც პარტიის მიერ დანიშნული პრეზიდენტის ლეგიტიმურობა, ამით მოუწოდოს საერთაშორისო საზოგადოებას, შეუერთდეს საქართველოს თვითგამოცხადებული ხელისუფლების ბოიკოტს;
-
არ განახორციელოს, დიპლომატიური ურთიერთობების ფარგლებშიც კი, პოლიტიკურ-ინსტიტუციური თანამშრომლობის ღონისძიებები რეგიონალურ და გლობალურ საკითხებზე, რომლებიც გულისხმობს ქართული თვითგამოცხადებული ინსტიტუტების ნებისმიერი ფორმით აღიარებას;
-
მტკიცე მოწოდებით გამოვიდეს, რომ საქართველოში მომავალ თვეებში ჩატარდეს ახალი არჩევნები გაუმჯობესებულ საარჩევნო გარემოში, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი საარჩევნო ადმინისტრაციის ზედამხედველობით და მჭიდრო საერთაშორისო დაკვირვების ქვეშ, რათა უზრუნველყოფილ იქნეს ნამდვილად სამართლიანი, თავისუფალი და გამჭვირვალე პროცესი, ამასთან წაახალისოს სხვა ევროპელი პარტნიორები და წევრი სახელმწიფოები, ახალი არჩევნების მტკიცე მოწოდებით გამოვიდნენ და ყველა მომავალი მცდელობა პირდაპირ დაუკავშირონ საპარლამენტო არჩევნების ახალი თარიღის დაწესებასა და მათი თავისუფალი და სამართლიანი ჩატარების უზრუნველსაყოფი მექანიზმის შექმნას;
-
დაუწესოს დაუყოვნებელი და მიზნობრივი პირადი სანქციები ბიძინა ივანიშვილს, მის ოჯახის წევრებსა და მის კომპანიებს, საქართველოში პოლიტიკური პროცესის გაუარესებაში მათი წვლილის გათვალისწინებით, იგივე ორმხრივი სანქციების გამოყენებით, რომლებიც დაწესდა ესტონეთის, ლატვიის, ლიტვისა და ჩეხეთის მიერ, ასევე უკვე დაწესებული სანქციების მსგავსად აშშ-სა და გაერთიანებული სამეფოს მიერ;
-
დააწესოს დაუყოვნებელი და მიზნობრივი პირადი სანქციები საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილისა და მისი მოადგილეების, ლაშა დარსალიას, ვლადიმერ კონსტანტინიდის, ალექსანდრე ღვთისიაშვილის, ხათუნა თოთლაძის, ასევე ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოს ელჩების წინააღმდეგ;
-
დაუწესოს პირადი სანქციები ქართველ ოფიციალურ პირებსა და პოლიტიკურ ლიდერებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან დემოკრატიული უკუსვლაზე, საარჩევნო თაღლითობაზე, ადამიანის უფლებების დარღვევებსა და პოლიტიკური ოპონენტებისა და აქტივისტების დევნაზე, მათ შორის, ირაკლი კობახიძეს, შალვა პაპუაშვილს, ვახტანგ გომელაურს, კახა კალაძეს - თბილისის მერსა და "ქართული ოცნების" პარტიის გენერალურ მდივანს, ირაკლი ღარიბაშვილს - "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს, სანქციები გავრცელდეს მოსამართლეებზეც, მათ შორის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე, რომლებიც გამოსცემენ პოლიტიკურად მოტივირებულ გადაწყვეტილებებს, და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებზე, ასევე ფინანსურ ხელშემწყობებზე, რომლებიც მალულად ან ღიად უჭერენ მხარს რეჟიმს, ასევე რეჟიმის მხარდამჭერ მედია-საშუალებების მფლობელებს, როგორებიცაა "TV იმედი", "Pos TV" და "რუსთავი 2", მათი როლის გათვალისწინებით, დეზინფორმაციის გავრცელებასა და საზოგადოებრივი დისკუსიის მანიპულირების მცდელობაში, მმართველი პარტიის ავტორიტარული კონტროლის შესანარჩუნებლად;
-
დაუწესოს სანქციები ბიძინა ივანიშვილის ხელშემწყობთა ქსელს, ელიტის წევრებს, კორუმპირებულ ფინანსურ ოპერატორებს, პროპაგანდისტებსა და სახელმწიფოს რეპრესიული აპარატის ხელშემწყობებს, მათ შორის, ეკატერინე ხვედელიძეს, უტა ივანიშვილს, ცოტნე ივანიშვილს, ბერა ივანიშვილს, გვანცა ივანიშვილს, ალექსანდრე ივანიშვილს, შმაგი კობახიძეს, უჩა მამაცაშვილს, ნათია თურნავას, ივანე ჩხარტიშვილს, სულხან პაპაშვილს, გიორგი კაპანაძეს, თორნიკე რიჟვაძეს, ილია წულაიას, კახა ბექაურს, ლაშა ნაცვლიშვილს, ვასილ მაღლაფერიძეს, გრიგოლ ლილუაშვილს, მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი რუხაძეს, თინათინ ბერძენიშვილს, თამაზ გაიაშვილს, ანტონ ობოლაშვილსა და გოჩა ენუქიძეს;
-
უზრუნველყოს, რომ იგივე სანქციები მიღებულ იქნას ევროკავშირის დონეზე;
-
მოითხოვოს ყველა პოლიტიკური პატიმრისა და ანტისამთავრობო აქციების დროს დაკავებული პირის დაუყოვნებელი და უპირობო გათავისუფლება;
-
მოუწოდოს დამოუკიდებელი, გამჭვირვალე და მიუკერძოებელი გამოძიების ჩატარებისკენ პოლიციის სისასტიკისა და მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალის გადამეტებული გამოყენების შესახებ და მოითხოვოს, რომ ადამიანის უფლებების დარღვევაზე პასუხისმგებელი პირები, მათ შორის, სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლები და რეპრესიული ქმედებების ბრძანების გამცემი ხელისუფლების წარმომადგენლებმა სრულად აგონ პასუხი კანონის წინაშე;
-
ყველა სასამართლოში დაგმოს პროკურატურის მიერ 2025 წლის 8 თებერვალს არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ გამოძიების დაწყება, რომლებსაც ბრალად ედებათ დივერსია, დივერსიის მცდელობა და უცხოური და უცხოური კონტროლის ქვეშ მყოფი ორგანიზაციების დახმარება მტრულ საქმიანობაში, რომელიც მიმართულია ქართული სახელმწიფოს ინტერესებისთვის ძირის გამოთხრისკენ, რისთვისაც მათ შესაძლოა, რამდენიმე წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯონ;
-
დაგმოს "ქართული ოცნების" მიერ 49 ოპოზიციური დეპუტატისთვის მანდატის შეწყვეტა, როგორც დემოკრატიული უკუსვლის შემდგომი ნიშანი, ვინაიდან თვლის, რომ ეს არის პარტიის ბოლოდროინდელი ნაბიჯი ქვეყანაში პოლიტიკურ პლურალიზმზე თავდასხმის კონტექსტში;
-
დაგმოს ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილება, შეაჩეროს გაწევრიანების მოლაპარაკებები და უარი თქვას ევროკავშირისგან დაფინანსების მიღებაზე 2028 წლის ბოლომდე;
-
დემოკრატიული უკუსვლის გათვალისწინებით, ევროკავშირს მოუწოდოს საქართველოს მიმართ პოლიტიკის დაუყოვნებელი და ყოვლისმომცველი გადახედვისკენ, მოუწოდოს [ევროპულ] კომისიას, გადახედოს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმებას საქართველოს თვითგამოცხადებული ხელისუფლების მიერ მე-2 მუხლში მოცემული ზოგადი პრინციპების, კერძოდ, დემოკრატიული, კანონის უზენაესობისა და ფუნდამენტური თავისუფლებების პატივისცემის პრინციპების დარღვევის გათვალისწინებით.
-
შეაჩეროს ყოველგვარი ფინანსური მხარდაჭერა კავშირგაბმულობის სექტორში საინვესტიციო პროექტებისთვის;
-
მოუწოდოს ევროპულ კომისიას, სწრაფად გადაანაწილოს გაყინული 120 მილიონი ევრო, რომელიც თავდაპირველად საქართველოს ხელისუფლების მხარდასაჭერად იყო განკუთვნილი, რათა გაძლიერდეს ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისადმი, კერძოდ, არასამთავრობო სექტორისა და დამოუკიდებელი მედიისადმი, რომლებიც სულ უფრო და უფრო ექვემდებარებიან მმართველი პარტიისა და ხელისუფლების გაუმართლებელ ზეწოლას;
-
მტკიცედ მოითხოვოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებელი გათავისუფლება ჰუმანიტარული მიზეზებით, კერძოდ იმისათვის, რომ მან საჭირო მკურნალობის მიღება საზღვარგარეთ შეძლოს.