სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე სამი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, 2020-2021 წლებში, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, მოტყუებით დაირეგისტრირეს საერთო ჯამში 496 000 ლარის ღირებულების 8 041 მ 2 ფართობის სამი მიწის ნაკვეთი.
ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით, დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, სისხლისსამართლებრივი დევნა სამი პირის მიმართ დაიწყო. გამოძიების პროცესში დაყადაღებულ იქნა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლებული მიწის ნაკვეთები.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში აცხადებენ, რომ მიმდინარეობს შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები მათი სახელმწიფო საკუთრებაში დაბრუნების მიზნით.
საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე და 180-ე მუხლებით გრძელდება, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით.