ბევრი ექსპერტის აზრით, საზოგადოება სულ უფრო პოლარიზებული ხდება და ეს ცვლილება, თავის მხრივ, დიდ სოციალურ განხეთქილებას წარმოშობს. ამ ტენდენციის მიზეზების გასარკვევად, საჭიროა ვიცოდეთ, რა პრინციპით ხელმძღვანელობენ ამომრჩევლები ხმის მიცემისას.

ახალი მასშტაბური კვლევის მონაცემებით დასტურდება, რომ დემოკრატია იცვლება. კვლევა აჩვენებს, რომ ბოლო წლებში დემოკრატიულ ქვეყნებში ამომრჩეველთა მოტივაცია მნიშვნელოვნად შეიცვალა. იმის ნაცვლად, რომ ხმა მისცენ რაღაცას, როგორც ეს წარსულში იყო მიღებული, ახლა ადამიანები, საკმაოდ ხშირად, ხმას რაღაცის ან ვიღაცის წინააღმდეგ აძლევენ.

„ბევრ დასავლურ დემოკრატიაში, ამომრჩევლები ახლა უფრო მეტად არიან მოტივირებულნი პოლიტიკური ოპონენტებისადმი პროტესტის გამოხატვით, ვიდრე საკუთარი პარტიის მხარდაჭერით. ეს ფენომენი ნიშნავს გადასვლას იდეოლოგიური უთანხმოებიდან ემოციურად დამუხტულ დინამიკაზე, რომელიც უარყოფასა და მტრობაშია ფესვგადგმული. ეს არის გზა, რომელმაც საბოლოოდ შეიძლება ძირი გამოუთხაროს დემოკრატიის საფუძვლებს“, - ასეთ დასკვნამდე მივიდნენ კვლევის ავტორები.

მონაცემთა გიგანტური საგანძური

კვლევა მასშტაბურ მონაცემთა ანალიზს ეფუძნება: ავტორებმა შეაგროვეს მონაცემები 143 არჩევნების შესახებ, რომლებიც, 1961-დან 2022 წლამდე პერიოდში, ჩატარდა თორმეტ დასავლურ დემოკრატიაში: გერმანიაში, კანადაში, დანიაში, ესპანეთში, შეერთებულ შტატებში, საფრანგეთში, საბერძნეთში, იტალიაში, პორტუგალიაში, გაერთიანებულ სამეფოში, შვედეთსა და შვეიცარია. ეს მონაცემები ეფუძნებოდა ექვსი ათწლეულის განმავლობაში ჩატარებულ ეროვნულ პოსტ-საარჩევნო ანგარიშებს, რომლებიც კვლევის ავტორებმა ერთ სისტემურ ნაშრომად გააერთიანეს.

მკვლევარები ყველაზე მეტად დაინტერესდნენ ე.წ. „განცდების (გრძნობების) თერმომეტრით“, რომელიც ჩეხეთში ჯერ კიდევ ნაკლებად გამოიყენება, მაგრამ ანგლოსაქსურ სამყაროში ფართოდ არის გავრცელებული. გამოკითხვის დროს, ამომრჩევლებს სთხოვენ, ნულიდან ათამდე შკალით შეეფასებინათ თავიანთი ემოციური დამოკიდებულება პოლიტიკური პარტიებისა და მათი ლიდერების მიმართ. მკვლევრებმა შეძლეს იმ „თერმომეტრების“ სტანდარტიზაცია, რომლებიც თითოეულ ქვეყანაში განსხვავებულად ტარდებოდა, შემდეგ კი, დახვეწილი მეთოდოლოგიის გამოყენებით, გამოთვალეს „საკუთარი პარტიის სიყვარული“ და „სხვა პარტიის სიძულვილი“ იმის მიხედვით, თუ რამდენად შორს იყო ქულები ნეიტრალური წერტილიდან.

შემდეგ კი, ერთი მოცემულობის მეორესთვის გამოკლებით, მათ დაადგინეს, ამომრჩევლის ქცევაზე უფრო მეტად ლოიალობა მოქმედებს თუ მტრობა. აღმოჩნდა, რომ მზარდი რაოდენობის დემოკრატიებში წინა პლანზე ეს უკანასკნელი დგას.

ერთგულების ნაცვლად - უარყოფა

კვლევის მონაცემები ცხადყოფს, რომ ეს ტენდენცია საკმაოდ მყარია, რასაც მკვლევრები „შემაშფოთებლად“ მიიჩნევენ. 12 ქვეყნიდან 9-ში გაუარესდა ამომრჩეველთა დამოკიდებულება იმ პარტიების მიმართ, რომლებსაც ხმას არ აძლევენ. ყველაზე მეტად - კანადაში, გერმანიაში, პორტუგალიაში, ესპანეთში, დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ში. გაუარესდა საკუთარი პარტიის მიმართ დამოკიდებულებაც, მაგრამ უფრო ნელი ტემპით.

რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის აშშ-ში, კანადაში, საბერძნეთში, იტალიასა და ესპანეთში, ამომრჩევლები ახლა უფრო მეტ მტრობას გამოხატავენ ოპონენტების მიმართ, ვიდრე სითბოს საკუთარი პარტიის მისამართით.

„ეს შემობრუნება ასახულია ე.წ. „აფექტური პოლარობის ინდექსში“, რომელიც ბოლო არჩევნებში მუდმივად ნულს ქვემოთ იყო. პოლიტიკის ემოციური ბირთვი ახლა არა ერთგულებაზე, არამედ უარყოფაზეა ორიენტირებული“, - აცხადებენ მკვლევრები.

რას ნიშნავს ეს დემოკრატიისთვის

ავტორების აზრით, ამომრჩეველთა ქცევაში ამ ემოციურ ცვლილებას შორსმიმავალი შედეგები აქვს. „რაც უფრო ღრმავდება ურთიერთმტრობა, მით უფრო მწვავდება საჯარო დებატები, სუსტდება კომპრომისი და ილახება დემოკრატიული ლეგიტიმურობა“, - ამბობენ ისინი. ეს ასევე აისახება ბოლო არჩევნების შედეგებში: კვლევის ავტორების თქმით, არაერთ ქვეყანაში წარმატებას მიაღწიეს პარტიებმა, რომლებიც ხაზს უსვამენ თავიანთი ოპონენტების ნეგატიურ ასპექტებს და არა საკუთარ პოზიტიურ დღის წესრიგს. „დემოკრატიებს სულ უფრო მეტად აყალიბებს ის, რასაც ამომრჩევლები ეწინააღმდეგებიან და არა ის, რასაც მხარს უჭერენ,“ - დასძენენ მკვლევრები.

ეს კვლევა მხოლოდ ახალ ფაქტებს არ გვთავაზობს; მკვლევრების თქმით, ის დიდ მეთოდოლოგიურ წინსვლასაც წარმოაჩენს. წინა კვლევები, როგორც წესი, ზომავდა ემოციურ დისტანციას პარტიებს შორის; ეს კვლევა კი ავლენს, თუ რა იწვევს ამ დისტანციას და ადასტურებს, რომ თანამედროვე დემოკრატიებში დომინანტურ ძალას ნეგატიური განწყობა წარმოადგენს.

ავტორები ამტკიცებენ, რომ ამ ცვლილების გაგება გადამწყვეტია, რადგან დასავლური საზოგადოებები პოლარიზაციასა და დემოკრატიით იმედგაცრუებას უნდა შეებრძოლონ. „იმის გასაგებად, თუ საით მიემართება დემოკრატია, ჩვენ უნდა შევხედოთ არა მხოლოდ იმას, თუ რისი სჯერათ ამომრჩევლებს, არამედ იმასაც, თუ რას გრძნობენ ისინი,“ - დასძენენ ისინი.

კვლევა

წყარო: 1 არხი