გაერო-ს უშიშროების საბჭო, ხვალ რუსული მოიერიშე თვითმფრინავების მიერ ესტონეთის საჰაერო სივრცის დარღვევის საკითხს განიხილავს, - ინფორმაციას ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„ესტონეთის თავზე ნატო-ს საჰაერო სივრცის აშკარა, უგუნური და უხეშად დარღვევის საპასუხოდ, როდესაც შეიარაღებული MiG-31 გამანადგურებლები 12 წუთით შემოიჭრნენ ჩვენს ტერიტორიაზე, 22 სექტემბერს გაერო-ს უშიშროების საბჭო ტერიტორიული მთლიანობის ამ დარღვევისა და ძალის გამოყენების მუქარის აკრძალვის დარღვევის საკითხის განსახილველად შეიკრიბება“, - აღნიშნულია ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

უწყებაში აცხადებენ, რომ საჰაერო სივრცეში ეს შეჭრა კიდევ ერთი საშიში აქტია, რომელიც მიზნად ისახავს რეგიონული და გლობალური დაძაბულობის ესკალაციას, რადგან რუსეთი - გაერო-ს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი - აგრძელებს აგრესიის ომს უკრაინის წინააღმდეგ.

„რუსეთის უგუნური და აგრესიული ქმედებები, ასევე საერთაშორისო სამართლისა და გაერო-ს წესდების პრინციპების დარღვევები, მოითხოვს ძლიერ და ერთიან საერთაშორისო რეაგირებას“, - აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, პარასკევს, სამი რუსული MiG-31 ტიპის გამანადგურებელი ესტონეთის საჰაერო სივრცეში შეიჭრა და 12 წუთის განმავლობაში დარჩა.

interpressnews.ge