პროტესტი იყო დღეს გიორგი დანელიას ქუჩაზე, სადაც მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობა იგეგმება. სამუშაოები 40 მეტრის სიღრმეში კლდის გაჭრას მოიცავს.
ადგილობრივები ამბობენ, რომ აქვთ გარემოს ეროვნული სააგენტოს დასკვნა, სადაც გარკვევით წერია, რომ ტერიტორია გეოლოგიური საფრთხეების მაღალი რისკის ზონაში შედის. მათი თქმით, არსებობს რისკი, რომ მეწყრული პროცესები განვითარდეს და ადგილი ჰქონდეს ქვათა ცვენასაც.
"გარემოს დაცვის სამისნისტროდან გვაქვს წერილი. 2019 წელს შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელმაც დაადგინა საფრთხის შემცველი ტერიტორიების თბილისის რუქა. იმის მიხედვით ეს კლდე არის წითელ ზონაში შეყვანილი. ეს ინფორმაცია მერიაშიც იციან, მიუხედავად ამისა, გაიცა წარმოუდგენელი ნებართვები. არ შეიძლება ამის აქ აშენება, იმიტომ, რომ ჩამოიშლება ჩვენი კედლები," - ამბობს ადგილობრივი მცხოვრები.
მედია ელოდება განმარტებებს კომპანია "იდეალ პანორამაისგან", რომლებიც ადგილზე მშენებლობას ახორციელებს.