გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბრაკონიერობასთან ბრძოლის ფარგლებში,  იმერეთში, სამეგრელოსა და შიდა ქართლში, ელექტროიარაღით უკანონო თევზჭერის 5 ფაქტი გამოავლინეს - ინფორმაციას დეპარტამენტი ავრცელებს.

„სამართალდარღვევები გამოვლენილია ტყიბულის, ხონისა და ვანის მუნიციპალიტეტებში, მდინარეებზე: წყალწითელაზე, სულორსა და კუხაზე;  ქალაქ ფოთში, მდინარე კაპარჭინაზე და კასპის მუნიციპალიტეტში მდინარე მტკვარზე.

ვინაიდან ხუთივე ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.  

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ, რათა დროულად მოხდეს უკანონო  თევზჭერის, ნადირობის, ტყითსარგებლობისა და სხვა გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის ფაქტების პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა. ამასთან, მყისიერი რეაგირება ტარდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე“ – ნათქვამია ინფორმაციაში.