დღეიდან განახლდა განაცხადების მიღება კონკურსის - „შემოქმედებითი თბილისი“ მეორე ეტაპზე, - ამის შესახეხებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, კონკურსის მიზანი შემოქმედებითი ინდუსტრიის განვითარების ხელშეწყობა, ამ სფეროში ჩართული ხელოვანებისა და სახელოვნებო ჯგუფების შემოქმედებითი იდეების წარმოჩენა და რეალიზებაა.

„კონკურსი 2019 წლიდან ამოქმედდა და მისი არსებობის მეექვსე წელს, თბილისის მერიის ხელშეწყობით, უკვე 230-მდე საინტერესო პროექტი განხორციელდა. შემოდგომის ეტაპზე, 10 სექტემბრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით, პროექტები მიიღება სამი მიმართულებით: საგამომცემლო საქმიანობა, დიზაინი და რეწვა, თანამედროვე ვიზუალური ხელოვნება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, დამატებითი ინფორმაციის მიღება და განაცხადების ატვირთვა მსურველებს შეუძლიათ სპეციალურად კონკურსისთვის შექმნილ ვებგვერდზე culture.tbilisi.gov.ge.

„კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს ტერიტორიაზე რეგისტრირებულ იურიდიულ პირს ან საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრულ მეწარმე ფიზიკურ პირს. აღსანიშნავია, რომ კონკურსის ფარგლებში დაფინანსებული პროექტების უმეტესი ნაწილი ნამდვილად ემსახურება დასახული მიზნების განხორციელებას“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს