საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება წლებია სასამართლოში საქართველოს იმ მოქალაქეების ინტერესებს იცავს, რომლებიც დასაქმების პროგრამის ფარგლებში საზღვარგარეთ სამუშაოდ წაიყვანეს. თუმცა, მათ არც დაპირებული სამუშაო პირობების დახვდათ და არც შესაბამისი ანაზღაურება. პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილე რაისა ლიპარტელიანი ,,კომერსანტთან“ აცხადებს, რომ ქართველი მუშახელის საზღვარგარეთ დასაქმება დარღვევებით ხდებოდა.
მოქალაქეებს კერძო დასაქმების სააგენტოები იმ პირობებს არ უსრულებდნენ, რასაც საზღვარგარეთ სამუშაოდ გამგზავრებამდე აძლევდნენ. იგივე პრობლემა ფიქსირდებოდა სახელმწიფოს მიერ ორგანიზებულ დასაქმების პროგრამაში. რაისა ლიპარტელიანი აცხადებს, რომ პროფკავშირებს დღემდე აქვს სამართლებრივი ვადა. ამ ეტაპზე გაერთიანება 9 პირის უფლებებს უზენაეს სასამართლოში იცავს. სახელმწიფო ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა უკვე გაამტყუნა და მორალური ზიანის ანაზღაურება დააკისრა, თუმცა სახელმწიფო სამართლებრივ ვადას აგრძელებს. პროცესი ახლა უკვე უზენაეს სასამართლოში მიმდინარეობს.
,,არაერთ სასამართლო დავას ვაწარმოებთ არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით. ზოგადად სხვა მექანიზმებსაც ვიყენებთ, როდესაც საქმე ეხება ქართველი მუშახელის დასაქმებას საზღვარგარეთ. მაგალითად, როდესაც სხვადასხვა კერძო სააგენტოს მიჰყავდა საზღვარგარეთ ადამიანები, ჰპირდებოდნენ დასაქმებას შესაბამის პირობებში, რაც არ მოხდა სინამდვილეში. ეს არ იყო მხოლოდ კერძო სააგენტოების პრობლემაა. დღემდე გვაქვს უზენაეს სასამართლოში დავა. სახელმწიფო დასაქმების პროგრამით გერმანიაში სეზონურ სამუშაოზე წასული ადამიანები ვერ დასაქმდნენ იმ პირობებში რასაც დაჰპირდნენ. ხელფასებიც კი არ გადაუხადეს იმ მინიმალური სტანდარტით, რაც გერმანიის კანონმდებლობით არის გათვალისწინებული. არც საყოფაცხოვრებო პირობები არ დახვდათ. ჩვენ ახლა უზენაეს სასამართლოში ვდავობთ. ორმა ინსტანციის სასამართლომ დაავალა სახელმწიფო დასაქმების სააგენტოს მორალური ზიანის ანაზღაურება ამ ადამიანების მიმართ. მატერიალური ზიანის ანაზღაურება შევძელით გერმანიის სახელმწიფოში და მათ მიიღეს კუთვნილი ხელფასები, მაგრამ მორალური ზიანის ნაწილში სახელმწიფოს დაევალა, რომ მათთვის კომპენსაცია გადაეხადა. სამწუხაროდ, სახელმწიფო ამას მუდმივად ასაჩივრებს. ახლა ვართ უზენაეს სასამართლოში. საუბარია 9 ადამიანზე ამ ეტაპზე, თუმცა საწყის ეტაპზე გაცილებით მეტი იყვნენ.’’- აცხადებს რაისა ლიპარტელიანი.
საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე აცხადებს, რომ მათი გაერთიანება ქართველი მუშახელის საზღვარგარეთ დასაქმების კანონით დარეგულირებას 2023 წელს ითხოვდა. მაშინ კანონში შევიდა ცვლილებები, რომელთა აღსრულებაც შრომის ინსპექციის სამსახურს დაევალა.
,,2023 წელს ვაყენებდით საკითხს, რომ უნდა მოწესრიგებულიყო დასაქმების სააგენტოების, კერძო იქნება ეს თუ სახელმწიფო, რეგულირების საკითხი. იმისთვის, რომ ყველა შპს-ს და ინდ. მეწარმეს არ შეძლებოდა ასე თანხა აიღოს ვიღაცების დასაქმებაში და შემდეგ არ იღებდეს არანაირ პასუხისმგებლობას. 2023 წელს განხორციელებული ცვლილებები მნიშვნელოვანი იყო. კანონის აღსრულება შრომის ინსპექციის სამსახურს დაევალა.’’- აცხადებს რაისა ლიპარტელიანი.