საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაცია, შესაბამისი აკრედიტაციის მქონე დამოუკიდებელი ლაბორატორიის მიერ პურის მწარმოებლებს ქართული და რუსული პირველი ხარისხის ფქვილის შემოწმებას და შედარებას სთავაზობს.

აღნიშნულით, საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაცია მეპურეების განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, ისინი დარგობრივ სამინისტროს ფქვილის იმპორტზე დაწესებული გადასახადის გადახედვას სთხოვენ. მათი ინფორმაციით, რუსული ფქვილი ცხობის უკეთესი თვისებებით გამოირჩევა, რის გამოც მასზე ხელმისაწვდომობა არ უნდა შეიზღუდოს, ამიტომ საიმპორტო გადასახადის გაზრდას ყოვლად გაუმართლებლად მიიჩნევენ.

„კომერსანტი“ საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის პასუხს უცვლელად გთავაზობთ:

"როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია, საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციამ უკვე გააკეთა კომენტარი იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენი ასოციაციის წევრი კომპანიების მიერ გამოშვებული ბაზარზე არსებული ფქვილის ხარისხი სრულ შესაბამისობაშია ფქვილის ტექნიკურ რეგლამენტთან და თავისი ხარისხობრივი პარამეტრებით არა თუ არ ჩამოუვარდება - უმეტეს შემთხვევაში აღემატება კიდევაც შესაბამის რუსული ფქვილის პარამეტრებს. თუმცა პურის მწარმოებლებს კვლავ განსხვავებული შეხედულება აქვთ .

შესაბამისად, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პრესაში და ტელევიზიაში ისევ ვრცელდება განსხვავებული ინფორმაციები, რაც საზოგადოებაში დაბნეულობას იწვევს .

აქედან გამომდინარე იმისათვის, რომ საზოგადოებას ჰქონდეს ობიექტური და დადასტურებული ინფორმაცია საქართველოს წისქვილ-კომბინატების მიერ გამოშვებული და იმპორტირებულ რუსული ფქვილის ხარისხის შესახებ, მათი ხარისხობრივი მაჩვენებლების შედარების მიზნით, ვთავაზობთ პურის მწარმოებლებს, მათ მიერ შერჩეული ნებისმიერ დამოუკიდებელი და შესაბამისი აკრედიტაციის მქონე ლაბორატორიის მიერ :

1. მოხდეს ქართული და რუსული პირველი ხარისხის ფქვილის ხარისხობრივი მაჩვენებლების შემოწმება. ტექნიკურ რეგლამენტთან მათი შესაბამისობის დადგენის მიზნით.

2. მოხდეს ქართული და რუსული წარმოების პირველი ხარისხის ფქვილის ხარისხობრივი მაჩვენებლების შედარება

3. ქართული და რუსული ფქვილის ნიმუშების აღება მოხდეს - პურის მწარმოებლის , ფქვილის მწარმოებლის, სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლის და ნებისმიერი სხვა დაინტერესებული მხარის მონაწილეობით. ნიმუშების აღების დადგენილი წესის შესაბამისად.

საკითხთან დაკავშირებით არსებული მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, ფქვილის ხარისხის შემოწმების და ქართული და რუსული პირველი ხარისხის ფქვილის ხარისხობრივი მაჩვენებლების შედარების შედეგები ეცნობოს საზოგადოებას", - ნათქვამია განცხადებაში.