წელს უცხოეთიდან რეადმისიის ფარგლებში უნებართვოდ მცხოვრები საქართველოს 1 015 მოქალაქე დააბრუნეს - ამის შესახებ აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს 2024 წლის პირველი კვარტლის მონაცემებში.

როგორც ოფიციალური მონაცემებიდან ირკვევა, საანგარიშო პერიოდში ყველაზე მეტი - 611 მოქალაქე გერმანიიდან დააბრუნეს, საფრანგეთიდან - 165; ხოლო შვეიცარიიდან - 34.

ათეულის დანარჩენი ქვეყნების მონაცემები ასე გამოიყურება:

  • საბერძნეთი – 32
  • პოლონეთი – 29
  • იტალია – 23
  • ბელგია – 20
  • ირლანდია – 18
  • ესპანეთი – 16
  • ავსტრია და ჰოლანდია – 12-12

რაც შეეხება 2023 წლის სრულ სტატისტიკას, შარშან რეადმისიას საქართველოს 4 365 მოქალაქე დაექვემდებარა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის „უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ“ შეთანხმება 2011 წლის 1-ელ მარტს ამოქმედდა. შეთანხმების საფუძველზე ხდება ევროკავშირის ტერიტორიაზე არალეგალურად მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების საქართველოში დაბრუნება. შეთანხმება ასევე ითვალისწინებს მესამე ქვეყნების მოქალაქეთა საქართველოში დაბრუნებას შეთანხმებით დადგენილი პირობების საფუძველზე. რეადმისიასა და ტრანზიტთან დაკავშირებულ ყველა სატრანსპორტო ხარჯს, საბოლოო დანიშნულების სახელმწიფოს საზღვრამდე, მოთხოვნის წარმდგენი სახელმწიფო აანაზღაურებს.