2 მაისი დაზღვევის დღეა. ამ თარიღთან დაკავშირებით საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური, პარტნიორი ორგანიზაციების მხარდაჭერით, ყოველწლიურად, დაზღვევის კვირეულს მართავს.

დღეს, კვირეულის დასკვნითი ღონისძიება სასტუმრო „პულმანში“ გაიმართა, რომელსაც დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურმა უმასპინძლა.

საკუთარ მიმართვაში დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ხელმღვანელმა, დავით ონოფრიშვილმა გაამახვილა ყურადღება ისეთ პრიორიტეტულ საკითხებზე, როგორებიცაა, დაზღვევის შესახებ ცნობიერების ამაღლება, დაზღვევის პოპულარიზაციის მხარდაჭერა და მოქალაქეებისთვის მათი უფლებების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.

„ფინანსური განათლება საერთაშორისო მასშტაბით სულ უფრო და უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს თითოეული მოქალაქის ცხოვრებაში. თითოეული ჩვენთაგანის უნარი მართოს პირადი ფინანსები, განსაზღვრავს ჩვენს ფინანსურ სტაბილურობას, წარმატებას და ცხოვრების ხარისხსაც კი. პირადი ფინანსების მართვის, დაგეგმვის და შესაძლებლობების შესახებ, პრაქტიკული ცოდნა განაპირობებს ჩვენს მიერ ფინანსურ გადაწყვეტილებებს, რომლებსაც პრაქტიკულად ყოველდღიურად ვიღებთ და ამ გადაწყვეტილებებს დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ნებისმიერი ჩვენგანის ცხოვრებაზე.

დაზღვევაზე ცნობიერების ამაღლება, სამსახურის და სადაზღვვეო სექტორის ერთობლივი საზრუნავია და აქვე მინდა აღვნიშნო, რომ კერძო სექტორიც საკმაოდ აქტიურია სხვადასხვა შემეცნებითი, საინფორმაციო თუ სახალისო კამპანიების ჩატარებაში, მასალების მომზადებასა და ინფორმაციის გავრცელებაში“, – აღნიშნა თავის გამოსვლაში დავით ონოფრიშვილმა.

მისივე განმარტებით, დაზღვევაზე ცნობადობის ზრდასთან ერთად, 2024 წლის შედეგები ცხადყოფს, რომ სადაზღვევო ბაზარი დინამიურად ზრდით ხასიათდება.

„ყოველწლიურად იზრდება სადაზღვევო საქმიანობიდან მოზიდული პრემია, რომელმაც 2023 წლის მონაცემებით პირველად გადააჭარბა მილიარდს, ხოლო გასული წლის მონაცემებით კიდევ 18%-ით გაიზარდა და შეადგინა 1 მილიარდ 259 მლნ ლარი.
გასულ წელს, ჩვენ შევიმუშავეთ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის განვითარების 2025-2029 წლების სტრატეგია. დასახული მისიიდან და მიზნიდან გამომდინარე, გამოიკვეთა 4 პრიორიტეტული მიმართულება, საიდანაც ერთ-ერთი, სწორედ მომხმარებლის უფლებების დაცვისა და ფინანსური განათლების მხარდაჭერაა.
ასევე, საერთაშორისო ურთიერთობები წარმოადგენს სამსახურის საქმიანობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას, რომელიც გვაძლევს საშუალებას ვიყოთ გლობალური პროცესების ნაწილი და გავაძლიეროთ ჩვენი პოზიციები საერთაშორისო ასპარეზზე“, – განაცხადა ონოფრიშვილმა.

ღონისძიებას დაესწრნენ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, სადაზღვევო სექტორი, ასევე სტუმრები ეკონომიკური სფეროდან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

1997 წლის 2 მაისს ხელი მოეწერა „დაზღვევის შესახებ“ პირველ კანონს, ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის ფარგლებში, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ინიციატივით, სადაზღვევო სექტორის უშუალო ჩართულობითა და საქართველოს სადაზღვევო კომპანიათა ასოციაციის მხარდაჭერით, დაზღვევის დღე საქართველოში 2022 წლის 2 მაისს პირველად აღინიშნა.

ინფორმაციას დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური ავრცელებს.