მეცნიერები ეძებენ უფრო საიმედო გზას ლიმფომას კიბოს გამოსავლენად სკალპელის გამოყენების გარეშე, ანუ ისე, რომ თავის ტვინში პირდაპირი ჩარევა არ მოხდეს. ვარაუდობენ, რომ ამ საქმეში დიდი დახმარების გაწევა შეუძლია ეგრეთ წოდებულ თხევად ბიოფსიას, რომელიც ცერებროსპინალურ სითხეში კიბოს უჯრედების გენეტიკურ ანაბეჭდებს პოულობს.

ლიმფომა არის საშიში სიმსივნური დაავადება, რომელსაც ტვინსა და ცენტრალური ნერვული სისტემის სხვა ძირითად ნაწილებზე გავლენის მოხდენა შეუძლია. მისი მდებარეობის გამო, რთულია არა მხოლოდ ამ დაავადების მკურნალობა, არამედ თავად დიაგნოზის დასმაც. დღეს არსებული გამოსახულების შესწავლის მეთოდები და ცერებროსპინალურ სითხეში უჯრედების ანალიზები სიმსივნის არსებობას ხშირად ცალსახად ვერ ადასტურებენ, დაზარალებულის ტვინის ქსოვილიდან ნიმუშის პირდაპირი აღება კი თითქმის შეუძლებელია.

ქალაქ ბრნოს (ჩეხეთი) მედიკოსთა გუნდი ამ პრობლემის გადაჭრას მისთვის „გვერდის ავლით“ ცდილობს. მკვლევარებმა აქცენტი გადაიტანეს ნაკლებად ინვაზიურ მეთოდზე - ე.წ. თხევად ბიოფსიაზე, რომელიც ცერებროსპინალურ სითხეში ან პერიფერიულ სისხლში სიმსივნური დნმ-ის არსებობას იკვლევს. ეს დნმ სიმსივნური უჯრედებიდან გამოიყოფა და მისი აღმოჩენა მაშინაც კი შეძლება, როდესაც ნიმუშში მხოლოდ მინიმალური რაოდენობის სიმსივნური უჯრედებია ან ასეთი უჯრედები საერთოდ არ არის.

„ეს ჰგავს დამნაშავის კვალის ძიებას. მაშინაც კი, თუ მას პირდაპირ ვერ ხედავთ, არსებობს მისი არსებობის მტკიცებულება - გენეტიკური კვალი, რომლის წაკითხვაც შეიძლება“, - ამბობს კვლევის წამყვანი ავტორი, ვერონიკა ნავრკალოვა. „ჩვენი კვლევა აჩვენებს, რომ თავზურგტვინის სითხეში არსებული სიმსივნური დნმ-ის ანალიზი არის საიმედო და წარმოადგენს პრაქტიკულად გამოსაყენებელ ინსტრუმენტს ლიმფომას მქონე პაციენტებში პირველადი ან მეორადი ცენტრალური ნერვული სისტემის ჩართულობის არაინვაზიური გამოვლენისთვის“, - დასძინა მან.

ბრნოს საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში სამკურნალოდ მყოფი პაციენტთა ჯგუფის ანალიზმა აჩვენა, რომ ეს მიდგომა ტვინის სიმსივნეების გამოვლენას 90-პროცენტიანი წარმატებით ახერხებს. ეს მაჩვენებელი უფრო მაღალია, ვიდრე არსებული ჩვეულებრივი ტესტებით, მაგალითად, ნაკადის ციტომეტრიით ხერხდება. გუნდმა შეიმუშავა სპეციალური ტესტი, რომელსაც ერთდროულად რამდენიმე სხვადასხვა გენეტიკური მახასიათებლის ანალიზი შეუძლია. ამან გაზარდა სიმსივნის აღმოჩენის შანსები იმ პირობებშიც კი, როდესაც ამის გაკეთება ერთი კონკრეტული ანომალიის სამიზნეზე გათვლილი ჩვეულებრივი ტესტებით ვერ ხერხდება.

„ახალ მიდგომას აქვს მნიშვნელოვანი პოტენციალი, გააუმჯობესოს ცენტრალური ნერვული სისტემის ლიმფომების როგორც პირველადი, ასევე მეორადი ფორმების დიაგნოსტიკა და შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი იმ შემთხვევებშიც კი, როდესაც დაავადების ხელახლა გაჩენის რისკი შეიქმნება“, - აცხადებს კვლევაში მონაწილე კიდევ ერთი ექიმი, ანდრეა იანიკოვა.

1tv.ge