კომუნიკაციების კომისიის წლიური ანგარიშის მიხედვით, როუმინგული მომსახურებიდან მიღებული შემოსავალი 2024 წელს 35 მლნ ლარამდე გაიზარდა. 2023 წელთან შედარებით ზრდა დაახლოებით სამი მლნ ლარია.

შარშან „სილქნეტმა“, „მაგთიკომმა“ და „სელფი მობაილმა“ ბაზარს შესთავაზეს განახლებული როუმინგის ინტერნეტ პაკეტები, რომელთა გამოყენება შესაძლებელი იყო ევროპის გარკვეული ქვეყნებისა და თურქეთის ოპერატორების ქსელებზე, აქამდე არსებულ როუმინგულ შეთავაზებებზე უფრო შეღავათიანი პირობებით. აქვე აღსანიშნავია, რომ 2024 წელს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები მონაწილეობდა ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატში, რამაც ასევე, გამოიწვია მოსახლეობის დიდი გადინება ევროპაში და შესაბამისად, როუმერების რაოდენობის ზრდა.

ყველაზე მეტი თანხა შარშან 1.51 მლნ ლარი, როუმინგულ მომსახურებაზე საქართველოდან გასულმა როუმერებმა კვლავ თურქეთში დახარჯეს, ამის მიზეზი მისი სატრანზიტო როლია

საქართველოში ყოფნის დროს, მობილურ მომსახურებაზე ყველაზე მეტი თანხა (3.26 მლნ ლარი) რუსეთიდან ჩამოსულმა როუმერებმა დახარჯეს. ეს ტენდენცია არ შეცვლილა 2023 წელთან შედარებით. რუსეთს მოსდევს ამერიკის შეერთებული შტატები (2.36 მლნ ლარი), არაბეთის გაერთიანებული საამიროები (2.01 მლნ ლარი) და ისრაელი (1.46 მლნ ლარი).

გასულ წელს, ორმა უმსხვილესმა ოპერატორმა - „მაგთიკომმა“ და „სილქნეტმა“, ფიზიკური პირებისთვის შეთავაზებული ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტის მაქსიმალური სიჩქარეები გაზარდეს, რის შედეგადაც შეიცვალა აბონენტების განაწილება პაკეტების მაქსიმალური სიჩქარეების მიხედვით.

ყველაზე მეტი აბონენტი 50 მბ/წმ სიჩქარის ინტერნეტ პაკეტით სარგებლობდა, ხოლო პოპულარობით მეორე ადგილზე 45 მბ/წმ -იანი პაკეტი იყო. შედარებისთვის, 2023 წელს ყველაზე პოპულარული 30 მბ/წმ-იანი პაკეტი იყო, ხოლო მეორე ადგილს 25 მბ/წმ-იანი პაკეტი იკავებდა. კერძოდ, 2024 წელს, „მაგთიკომმა“ 30 მბ/წმ-იანი პაკეტი 50 მბ/წმ-იანით, ხოლო 50 მბ/წმ-იანი - 80 მბ/წმ-იანით ჩაანაცვლა. „სილქნეტმა“ კი 25 მბ/წმ-იანი პაკეტი - 45 მბ/წმ-იანით, 35 მბ/წმ-იანი - 60 მბ/წმ-იანით, ხოლო 50 მბ/წმ-იანი „მაგთიკომის“ ანალოგიურად - 80 მბ/წმ-იანი პაკეტით ჩაანაცვლა.

ცნობისთვის, საქართველოში პირველად, ხელმისაწვდომი გახდა 150 მბ/წმ-იანი ინტერნეტი „სილქნეტის“ ფიზიკური პირი აბონენტებისთვის, თუმცა აღნიშნულ სიჩქარეს 2024 წლის მონაცემებით მხოლოდ 5 ათასი მომხმარებელი ჰყავდა.

თბილისში, ფიზიკურ პირ აბონენტებში, ყველაზე მოთხოვნად 50 მბ/წმ-იან პაკეტს 241 ათასი აბონენტი მოიხმარდა, რაც 2023 წელთან შედარებით, 216 ათასი აბონენტით მეტია. რაც შეეხება, რეგიონებს, რეგიონებში ყველაზე მოხმარებად პაკეტს 50 მბ/წმ-იანი პაკეტი წარმოადგენდა, რომლის მომხმარებელთა რაოდენობაც 2023 წელთან შედარებით 277 ათასით 284 ათასამდე გაიზარდა.