აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში ეხმაურება ევროკომისიის მიერ „გუგლისთვის“ ჯარიმის დაკისრებას და აცხადებს, რომ აღნიშნული ჯარიმა უსამართლოა.
როგორც ტრამპი წერს, ევროპამ „გუგლს“ წაართვა თანხა, რომელიც ამერიკულ ინვესტიციებსა და სამუშაო ადგილებს უნდა მოხმარებოდა.
„ევროპამ დღეს კიდევ ერთ დიდ ამერიკულ კომპანიას, Google-ს, 3.5 მილიარდი დოლარის ჯარიმა „დააკისრა“, რითიც, ფაქტობრივად, წაართვა თანხა, რომელიც, სხვა შემთხვევაში, ამერიკულ ინვესტიციებსა და სამუშაო ადგილებს მოხმარდებოდა. ეს ემატება Google-ისა და სხვა ამერიკული ტექნოლოგიური კომპანიების წინააღმდეგ დაკისრებულ ბევრ სხვა ჯარიმასა და გადასახადს. ეს ძალიან უსამართლოა და ამერიკელი გადასახადის გადამხდელები ამას არ შეეგუებიან! როგორც მანამდეც ვთქვი, ჩემი ადმინისტრაცია არ დაუშვებს ამ დისკრიმინაციული ქმედებების ძალაში შესვლას. მაგალითად, Apple-ს 17 მილიარდი დოლარის ოდენობის ჯარიმა დაეკისრა, რომელიც, ჩემი აზრით, არ უნდა დაეკისრებინათ – მათ თავიანთი ფული უნდა დაიბრუნონ! ჩვენ არ შეგვიძლია ამის დაშვება. ასე თუ მოხდება, იძულებული ვიქნები, დავიწყო 301-ე მუხლის შესაბამისად პროცესი, რათა გავაუქმო ამ გადასახადის გადამხდელი ამერიკული კომპანიებისთვის დაკისრებული უსამართლო ჯარიმები“, – წერს ტრამპი.
ევროკომისიამ „გუგლს“ სარეკლამო ტექნოლოგიათა ბაზარზე ევროკავშირის კონკურენციის წესების დარღვევისთვის 2.95 მილიარდი ევროს ჯარიმა დაუწესა.