როგორც ახალ ამბებში გავრცელდა, Microsoft, OpenAI და Claude აშშ-ში მასწავლებელთა პროფკავშირის წევრებისთვის ხელოვნური ინტელექტის სასწავლო ცენტრის გახსნაში მონაწილეობენ. ეს იქნება აკადემია, რომელიც ნიუ-იორკში განთავსდება და მისი მიზანია, ამერიკის მასწავლებელთა ფედერაციის ინსტრუქტორები საბავშვო ბაღიდან მე-12 კლასის ჩათვლით, აღჭურვოს ისეთი ცოდნით, რომელიც სამომავლოდ საკლასო ოთახში ხელოვნური ინტელექტის შეტანას შეუწყობს ხელს.
ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში სკოლებისთვის გამოწვევად იქცა ChatGPT-ს, Copilot-ისა და Google Gemini-სთვის ფეხის აწყობა. მიუხედავად იმისა, რომ ამ ტექნოლოგიებს შეუძლია ნაშრომების დაწერა და მათემატიკური ამოცანის ამოხსნაში დახმარება, ისინი შეცდომებსაც უშვებს, ამან კი მშობლებისა და მასწავლებლების შეშფოთება გამოიწვია. დაისვა კითხვა: „ხომ არ ართმევს ჩატბოტები მოსწავლეებს არსებითი უნარების დამოუკიდებლად განვითარების შესაძლებლობას?”
სკოლებმა ახალი ინსტრუმენტები გამოიყენეს იმის დასადგენად, რამდენად კეთილსინდისიერად მოიხმარენ მოსწავლეები ხელოვნურ ინტელექტს. თავის მხრივ, მასწავლებლებმა დაიწყეს გაკვეთილების დანერგვა იმის შესახებ, თუ რას მიიჩნევენ ისინი გენერაციული ხელოვნური ინტელექტის პასუხისმგებლობიან გამოყენებად.
ზოგიერთი პედაგოგი AI-ს სასწავლო გეგმებისა და მასალების შემუშავების შრომატევად სამუშაოში დასახმარებლად იყენებს. ასევე, საუბრობენ იმაზეც, რომ ხელოვნურმა ინტელექტმა შემოიტანა მეტი ინტერაქციულობა და შემოქმედებითობა საგაკვეთილო პროცესში.
ამერიკის მასწავლებელთა ფედერაციის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ პედაგოგებს უნდა ჰქონდეთ სრული ინფორმაცია და მზაობა იმის შესახებ, თუ როგორ ინტეგრირდება ხელოვნური ინტელექტი მათ პროფესიაში. ახალი ეროვნული აკადემია დაეხმარება მასწავლებლებს სწრაფად ცვალებადი ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების უკეთ გააზრებასა და სასწავლო გეგმის შემუშავებაში, რათა მოსწავლეები მოამზადონ იმ სამყაროსთვის, სადაც ეს ინსტრუმენტები უკვე მრავალი სამსახურისა და პროფესიის ბირთვს წარმოადგენს.
თუმცა ზოგიერთი მასწავლებელი ამას უარყოფითად აღიქვამს და ამბობს, რომ ტექნოლოგიური გიგანტები თავიანთი კომერციული ინტერესებით, გავლენას ახდენენ მიმდინარე სასწავლო პროცესებზე. Google, Apple და Microsoft წლების განმავლობაში იბრძოდნენ თავიანთი ინსტრუმენტების სკოლებში შესატანად იმ იმედით, რომ ამ ბავშვების სახით ისინი სერიოზულად აქტიურ მომხმარებლებს იძენდნენ.
ერთი სიტყვით, განსხვავებული მოსაზრებები მუდამ იარსებებს, მაგრამ ფაქტია, რომ ამ ახალ ინიციატივას შეუძლია AFT-ს (Academy For Teachers) 1.72 მილიონი მასწავლებლის დახმარება ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტების მიმართ ნდობის მოპოვებაში, რათა მათ შეძლონ მისი მიზანმიმართულად ინტეგრირება საკუთარ სკოლებში.