დედაქალაქში სტიქიის მაღალი რისკის 32 ზონა ნარჩუნდება - წერია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ 2024 წლის გეოლოგიური ბიულეტენში, სადაც 2025 წლის პროგნოზებზეა საუბარი. დოკუმენტის მიხედვით, ზონების ნაწილი უკვე შესულია აქტიური მონიტორინგის რეჟიმში, თუმცა განახლება და ინჟინრული ჩარევა პრიორიტეტულ ყურადღებას კვლავ საჭიროებს.
გარდა ამისა, გეოლოგიური ბიულეტენის რეკომენდაციით, გეგმური მშენებლობის დაწყებამდე მაღალი რისკის ზონებში აუცილებელია ინჟინერ-გეოლოგიური კვლევა და ნიადაგის შემდგომი გაძლიერება, შესაბამისი პრევენციული ღონისძიებებით.
2025 წლისთვის მაგ. ღვარცოფის მხრივ განსაკუთრებული მაღალი რისკია ვარაზისხევის, დიღმისწყლის ხეობაში, რაც მოიაზრებს თამარ მეფის ჩიხის მიმდებარე ტერიტორიას. ასევე გლდანისხევის მარჯვენა ნაპირის, წავკისის ხევის, დაბა წყნეთსა და ბაგების ხევში.
მეწყერის რისკია ვერეს აუზის მიმდებარე ტერიტორიაზე, ქოშიგორას დასახლებაში, ბაგები -ზანდუკელის ქუჩაზე, ბაგები-წყნეთის საავტომობილო გზაზე, ავჭალაში, კერძოდ ლიბანის ქუჩაზე, ვაშლიჯვარი-ლისის დამაკავშირებელი გზაზე და ასევე ვაკეში, ტაბიძის, ყიფშიძისა და გაბაშვილის ქუჩებზე. ჩამონათვალშია ასევე გლდანი, მშენებარე რკინიგზის დერეფნის მიმდებარე ტერიტორია.
რაც შეეხება ქვათაცვენის რისკებს, ბიულეტენში გამოყოფილია გლდანის ხიდების მიმდებარედ ცენტრალური საავტომობილო გზა, აღმაშენებლის ხეივანი, ფონიჭალის გზატკეცილზე, ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი გზა.
საშუალო რისკის ზონებშია მოხვედრილი ლოტკინი, კრწანისი, დიდი დიღმის გარე უბნები, თბილისის ზღვის მიმდებარე ზონა და სვანეთის უბნის ზემო ნაწილები.
ითვალისწინებენ თუ არა დეველოპერები გეოლოგების რეკომენდაციებს და რამდენად ეფექტიანია კონტროლი? - ამ თემაზე გადაცემა „უძრავი ქონების პროსპექტში“ დარგის წარმომადგენლებმა ისაუბრეს.
GeoGraphic-ის მმართველი პარტნიორი გიორგი გოცირიძე ფიქრობს, რომ სეისმურად საკმაოდ აქტიურ ზონაში მყოფი 1.2 მლნ-იანი ქალაქის მდგომარეობის შესასწავლად ბიულეტენი არასაკმარისს ინფორმაციას იძლევა. ის ამბობს, რომ ჩვენს რეალობაში მშენებლობის ნებართვისთვის ძალიან ზოგადი გეოლოგიური მიმოხილვაა საჭირო, რაც სრულყოფილი ანალიზისთვის არასაკმარისია.
„ბიულეტენი საკმაოდ საინტერესო დოკუმენტია, რომელიც აღწერს და ანალიზს აკეთებს, მაგრამ ეს არ არის საკმარისია. 1,2 მლნ-იანი ქალაქისთვის, რომელიც სეისმურად საკმაოდ აქტიურ ზონაშია, გეომორფოლოგიური თვალსაზრისით ერთგვაროვანია და ეკონომიკური მიზიდულობის ძალიან დიდი ცენტრია, აუცილებელია, რომ არსებობდეს კორელაცია ღვარცოფებისა, მეწყერებისა და მიწისძვრების საფრთხეებზე, ამ კორელაციის მიხედვით არ დგება მშენებლობის პოლიტიკა.
ჩვენი ყველაზე დიდი პრობლემა არის, რომ თითოეული მშენებლობის ნებართვასთან ან განაშენიანების გეგმასთან ძალიან ზოგადი გეოლოგიური მიმოხილვაა დაკავშირებული. მშენებლობის ნებართვის გაცემის დროს, არის მხოლოდ ერთი კონკრეტული წითელ ხაზებში გეოლოგიური გრუნტის ფიზიკურ-მექანიკური თვისებების ანალიზი. არადა მაშინ, როდესაც ხდება ტერიტორიების განაშენიანება, შეიძლება ამან სხვა მიმდინარე ტერიტორიებს პროვოცირება გაუკეთოს.
მთავარი პრობლემა ამ ყველაფრის სისტემაში მოყვანაა. თბილისის მიმდებარე ქვეყნების ბიზნესებისთვის მეტროპოლია და ის ფულის კარგი დაბადების ადგილად მოიაზრება, ამიტომ ვიწრო-ვიწრო, ფრაგმენტულად მიგნებები არ არის საკმარისი.
ზოგ შემთხვევაში მგონია, რომ ეს [თბილისი] უბრალოდ უძრავი ქონების საწყობია და ჩვენ მძიმე შედეგს მივიღებთ, რადგან არ არის დანერგილი სისტემა და არ არის აწყობილი ქალაქმშენებლობის და რისკების მართვის, საფრთხეების კვლევის და მუდმივი განახლების პოლიტიკა. პოლიტიკის დონეზეც არ ვართ და მეორე, თავად ქალაქის განაშენიანების კონცეფცია არ გვაქვს, რაც ქალაქის გენგეგმაშია, პრაქტიკულად არ სრულდება.
ზოგი ფერდის დასტაბილურება შეიძლება, ზოგის წარმოუდგენელია. სტაბილიზაციაში დახარჯული ფული იმიტომ, რომ იქ სამი ნაკვეთისთვის შევიდეს დეველოპერი, ეს არის ხარჯთსარგებლიანი თუ არა? ეს ფინანსური ეკონომიკური ბალანსის დამდგენი ინსტრუმენტებიც არ არსებობს ამ საფრთხეების და რისკების მიმართ.
ამას გამჭოლად ზემოდან ედება ის, რომ სეისმურ საფრთხეებთან კორელაცია არ არსებობს. არასეისმური მდგენელის პირობებში სულ სხვა რისკების ზონას ვიღებთ და როდესაც სეისმურ მდგენელს მივუმატებთ, რადიკალურად განსხვავებულს“, - განაცხადა გოცირიძემ.
სეისმურ რისკებზე ამახვილებს ყურადღებას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, სეისმოლოგი ზურაბ ჯავახიშვილიც. ის ამბობს, რომ ქვეყანა ძველი ნორმებით და რუკებით ხელმძღვანელობს, რომელიც უნდა შეიცვალოს.
„ბიულეტენი მნიშვნელოვანია, თუმცა წინ უნდა წავიდეთ. წლების განმავლობაში ის ზოგად წარმოდგენას გვაძლევდა ისეთ თემებზე როგორიცაა მეწყერი, ღვარცოფი, წყალმოვარდნები და ა.შ. მაგრამ ცალკე განიხილება სეისმური საფრთხე. ძლიერი მიწისძვრა იწვევს ბევრ მეწყერს და ზოგან ისეთ ადგილებშიც, სადაც მანამდე არ იყო ამიტომ, როცა საფრთხეებზე ვსაუბრობთ, მით უმეტეს თბილისში, აუცილებლად ეს საფრთხეები ერთობლივად უნდა განვიხილოთ.
სეისმომედეგობის ძალიან ძველი ნორმები გვაქვს, 1999 წელს მიღებული რუკა უდევს საფუძვლად, რომელიც აუცილებლად შესაცვლელია. ნორმებიც ძველია და რუკაც. სეისმურად აქტიურ ზონაში ვართ, საბედნიეროდ ძალიან ხშირად არ ხდება, მაგრამ შეგახსენებთ, რომ 2002 წელს საშუალო სიძლიერის მიწისძვრა მოხდა და მან 13 ათასზე მეტი შენობა დააზიანა. ასე რომ ეს ყველაფერი გასათვალისწინებელია. ამ მხრივ რისკის შეფასება, რა თქმა უნდა, არ არის სათანადო დონეზე და ამ ბიულეტენშიც ასე დაყოფა - მაღალი, საშუალოდ და დაბალი - არ არის საკმარისი. ამ სახიფათო ზონებს უფრო დეტალური კვლევა უნდა. რაც შეეხება რეკომენდაციებს, რეკომენდაცია სავალდებულოდ შესასრულებელი არ არის, ამიტომ ბევრი შემთხვევა ვიცით, რომ მეწყერსაშიშ ზონებში ამ რეკომენდაციებს არ ითვალისწინებენ“, - განაცხადა ჯავახიშვილმა.
გეომორფოლოგი ხათუნა ქვლივიძე აქცენტს ლისის და მთაწმინდის ფერდის მიმდებარე ტერიტორიაზე აკეთებს და ამბობს, რომ გამაგრებითი სამუშაოები თუ ის წლების განმავლობაში დაკვირვებას და მოდელირებას არ ეფუძნება, არასწორია და რისკების პრევენციას ვერ ახდენს.
„პირველი ადგილი, რაც თავში მომდის ლისის ფერდია. კომუნისტების დროს რომ გადავხედო, ვაშლიჯვარი და ნუცუბიძე ააშენეს, მაგრამ ფერდი დატოვეს, რატომ? იმიტომ, რომ მაშინაც მაღალი რისკის ფერდად ითვლებოდა. რომ შეხედოთ ამ რუკას, ნახავთ, რომ მაღალი და დაბალი რისკის ზონები გვერდიგვერდ არიან წარმოდგენილები, ანუ იმ უბნებში, სადაც უკვე განაშენიანებაა საშუალო რისკია და სადაც არ არის, არის წითელშია [მაღალი რისკი], ეს ძალიან საყურადღებოა.
ამას გარდა მთაწმინდის ფერდი, მამა დავითის ტერიტორია...
გარდა იმისა, რომ აშლილია გეოლოგია, არის მკვეთრად დახრილი ფერდობები, არის მიწისქვეშა და ზედაპირული წყლების ცვალებადი რეჟიმი. ყველა ეს კომპონენტი ამბობს, რომ იქ არ არის რეკომენდებული მაღალი, მძიმე შენობები ჩადგმა, რადგან ფერდი არასტაბილურია, უსუსურია და ვერ გაუძლებს.
რამდენადაც მომხიბვლელია თბილისი, მისი ბუნება და რელიეფი, იმდენად საზიზღარი გეოლოგიაა და ეს ფაქტორი უნდა გავითვალისწინოთ. მერამდენედ ვამბობთ, რომ ამის შედეგი არასასურველი და სამწუხარო იქნება.
როცა საუბარია, რომ ხდება [ფერდების] გამაგრება, ეს ასე სწრაფად არ ხდება. ამას სჭირდება წლების განმავლობაში კვლევა და მოდელირება რა შემთხვევაში რას იზამს... ასე რაღაც ჩავასხი და გაუძლებს არასწორი და პრიმიტიულია“, - განაცხადა „უძრავი ქონების პროსპექტში“ სტუმრობისას ხათუნა ქვლივიძემ.