ბათუმის „დინამოს“ სერიოზული ფინანსური პრობლემები აქვს, რის გამოც გულშემატკივრებში წარმოიშვა მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ გუნდს ეროვნულ ლიგა 2-ში დაქვეითება ან 6 ქულის დაკლება ემუქრებოდა. ამ ჭორებს თავად კლუბი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და დაადასტურა, რომ ფინანსური პრობლემები არსებობს, თუმცა რაიმე ტიპის სასჯელი არ ემუქრებათ:
„ძვირფასო გულშემატკივარო, საზოგადოებაში ჩვენი კლუბის მიმართ არსებული დიდი ინტერესის გათვალისწინებით - ვაქვეყნებთ განცხადებას: ვადასტურებთ, რომ კლუბს აქვს ფინანსური კრიზისი. ბოლო დროს შევძელით არაერთი ვალდებულების გასტუმრება. გამომდინარე აქედან, დაზუსტებით შეგვიძლია გითხრათ, რომ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს კლუბს ემუქრება რეგიონულ ლიგაში დაქვეითება ან ეროვნულ ლიგაში 6 ქულის დაკლება - არ შეესაბამება სიმართლეს. კლუბში შეუფერხებლად გრძელდება სავარჯიშო პროცესი და მზადება მომდევნო მატჩებისთვის.
მიმდინარე პერიოდში გუნდის წინაშე არსებული გარკვეული ფინანსური ვალდებულების შეუსრულებლობამ შესაძლოა გამოიწვიოს ევროტურნირებზე მონაწილეობის ერთწლიანი აკრძალვა, თუმცა აღნიშნული პრობლემის მოგვარებისთვის მოცემული გვაქვს გარკვეული ვადა. ჩვენი კლუბი სხვა ევროპული კლუბების მსგავსად გადის ,,უეფას” ფინანსურ მონიტორინგს. მონიტორინგის ფარგლებში არსებული მოთხოვნების მოცემულ ვადებში სრულად შესასრულებლად აჭარის მთავრობასთან ერთად მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა.
დინამო ბათუმი ნებისმიერ საკითხზე იღებს ვალდებულებას გულშემატკივარი ჩააყენოს საქმის კურსში“, - ნათქვამია ბათუმის „დინამოს“ ოფიციალურ განცხადებაში.