ბათუმში მდებარე სასტუმრო ,,პრემიერის“ მფლობელი ,,კომერსანტთან“ აცხადებს, რომ საზაფხულო სეზონი წელს ჩავარდა. სასტუმრო ძირითადად ადგილობრივ და თურქ ტურისტებს მასპინძლობს, თუმცა მიმდინარე პერიოდში მათ არც დამსვენებელი ჰყავთ და არც დასაჯავშნად უკავშირდებიან დამსვენებლები. სტუმრების ნაკლებობის გამო მეპატრონემ ფასების დაწევის გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა არც ფასდაკლებამ მოიზიდა ტურისტები.

,,ვისაც არ უნდა ჰკითხოთ, ყველა გეტყვით რომ ხალხი არ არის. ტაქსისტები ამბობენ, რომ დამსვენებელი არ არის. გასულ წელს ამ დროს ბევრად მეტი იყო დამსვენებელი. ჩემი სასტუმრო 30 ნომრიანია. შარშან მეტად დატვირთული იყო. მომკითხავი და შემომსვლელი არ ჩანს. არ გვაქვს ჯავშნები. არავინ რეკავს ტელეფონზე. მინიმალურ ფასს დავუწიეთ უფრო ქვევით, მაგრამ მაინც არ არის დამსვენებელი.’’- აცხადებს სასტუმრო ,,პრემიერის“ მეპატრონე.

სეზონის ჩავარდნის მიზეზად სასტუმროს მფლობელი წვიმიან ამინდებსაც ასახელებს. ის ასევე აღნიშნავს, რომ დამსვენებლების ნაკლებობა მსოფლიოში მიმდინარე პროცესებსაც უკავშირდება.

,,წელს ჩავარდა სეზონი. ამას უკვე ვერაფრით ვერ გავექცევით. ამინდებმაც შეუშალა ხელი. ახლა გამოვიდა მზე რამდენიმე დღეა, თუმცა ისევ წვიმას ველოდებით. ხელი შეუშალა მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებმაც. თვითმფრინავებიც აღარ დაფრინავს ბათუმში. ცოტა გაიხსნა, მაგრამ მაინც ცოტაა. ზარალს ჯერ ვერ ვიტყვი რამდენი იქნება.’’- აცხადებს სასტუმრო ,,პრემიერის“ მფლობელი.