„საქართველო ყაზახი ტურისტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და მიმზიდველი ქვეყანაა“, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ ინტერვიუში ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების ხელმძღვანელმა გიორგი ჯახუტაშვილმა განაცხადა.

„მზარდი ტურისტული ნაკადების კუთხით ყაზახეთი პირველ ადგილზეა. ყაზახი ტურისტები, საქართველოში ძირითადად, დასასვენებლად ჩამოდიან. ორ ქვეყანას შორის ტურისტული ნაკადების ზრდის მნიშვნელოვანი პოტენციალი არსებობს და ეს მიმართულება აქტიურ განვითარებას საჭიროებს.

ბოლო წლების დინამიკა აჩვენებს, რომ ყაზახეთის მოქალაქეები ეკონომიკურად აქტიური ტურისტები არიან და გასულ წელს ხარჯვით ნაწილში პირველ სამეულში მოხვდნენ, რაც საქართველოსთვის მეტად მნიშვნელოვანია. სტატისტიკის მიხედვით, 2024 წელს ყაზახეთის მოქალაქეებმა საქართველოში დახარჯეს 1 მილიარდ 860 მილიონ ლარზე მეტი (მესამე ადგილი სხვა ქვეყნებს შორის), ხოლო საშუალო დანახარჯის მიხედვით ერთ ტურისტზე პირველი ადგილი დაიკავეს. როგორც აღმოჩნდა, თითოეული ყაზახი ტურისტი საქართველოში თითქმის 10 ათას ლარს ხარჯავდა. ამ პოტენციალის გამოყენება აუცილებელია და უფრო აქტიურად უნდა მოხდეს ყაზახი ტურისტების მოზიდვა“, - ამბობს გიორგი ჯახუტაშვილი.

მისივე თქმით, ყაზახეთის მოქალაქეებს საქართველოში ერთ წლამდე უვიზოდ ყოფნის შესაძლებლობა აქვთ, რაც ხელს უწყობს ორ ქვეყანას შორის როგორც ტურისტული, ისე საქმიანი კავშირების გაღრმავებას.

„ყაზახეთიდან ტურისტების სტაბილურად მზარდი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, ყაზახურმა ავიაკომპანიებმა ზაფხულის სეზონზე მნიშვნელოვნად გაზარდეს ფრენების სიხშირე ყაზახეთის ხუთი ქალაქიდან საქართველოს მიმართულებით - კვირაში 44 რეისამდე, რაც უზარმაზარ პოტენციალს ქმნის, თუ საქართველოს ტურისტული სექტორიც ადეკვატურად მომზადებული იქნება“, - განაცხადა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას გიორგი ჯახუტაშვილმა.

ცნობისთვის, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, 2024 წელს საქართველოსი ყაზახეთიდან 178 930 მოგზაურის ვიზიტი განხორციელდა.

წყარო: www.bpn.ge