IT სპეციალისტებს, რომლებიც საქმიანობის ინდივიდუალურად დაწყებას საქართველოში გეგმავენ შესაძლებლობა აქვთ მცირე მეწარმედ დარეგისტრირდნენ და საგადასახადო შეღავათებით, ისარგებლონ.
იურისტისა და ბიზნესმრჩევლის, გვანცა ჟორჟოლიანის თქმით, IT სპეციალისტები შეღავათებით იმ შემთხვევაშიც ისარგებლებენ, თუ მათი წლიური შემოსავალი 100 000 ლარს აღემატება.
,,ინდივიდუალურ პირებს, რომლებსაც სურთ IT საქმიანობა განახორციელონ, შეუძლიათ მცირე მეწარმედ დარეგისტრირდნენ და საქმიანობა მცირე მეწარმის სტატუსით გააგრძელონ. ამისთვის იგი ინდივიდუალურ მეწარმედ უნდა დარეგისტრირდეს საჯარო რეესტრში, განცხადებით მიმართოს შემოსავლების სამსახურს და მოითხოვოს მცირე მეწარმის სტატუსის მინიჭება.
მცირე მეწარმედ დარეგისტრირებულ IT სპეციალისტს თვეში ერთხელ, მიღებული შემოსავლის 1%-ის გადახდა მოუწევს. ის თავისუფლდება საშემოსავლო გადასახადისგან, ასევე დღგ გადასახადისგან, თუ მისი შემოსავალი 100 000 ლარს არ აჭარბებს.
აღნიშნული შეღავათები ეხება ნებისმიერ საინფორმაციო საქმიანობას, იქნება ეს პროგრამული უზრუნველყოფა, ვებ-დეველოპმენტს, ჰოსთინგს თუ სხვას.
თუმცა, საყურადღებოა, რომ საკონსულტაციო მომსახურება მცირე მეწარმის სტატუს ქვეშ ვერ განხორციელდება. თუ IT სპეციალისტი ეწევა საკონსულტაციო საქმიანობას, ის ჩვეულებრივად დაიბეგრება 20%-იანი საშემოსავლო გადასახადით.
ყურადღებამისაქცევია ისიც, რომ IT სპეციალისტს, გარდა ყოველთვიურად გადასახდელი 1%-ისა, დღგ-ს გადახდაც მოუწვს, თუ მისი შემოსავლები ბოლო 12 თვის განმავლობაში 100 000 ლარს გადააჭარბებს. თუმცა, IT სპეციალისტებს აქაც შეღავათი აქვთ- საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, მათ საშემოსავლო გადასახადის სახით 20% ნაცვლად, 5%-ის გადახდა მოუწევთ, თუ წლიური შემოსავლები 500 000 ლარს არ სცდება",- აღნიშნა გვანცა ჟორჟოლიანმა რადიო "კომერსანტის" ეთერში.