მწვანე გეგმის თანახმად, ევროკავშირმა 2030 წლისთვის სათბური აირების ემისია 55%-ით უნდა შეამციროს, 1990 წლის დონესთან შედარებით. ემისიების გაფრქვევის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ევროპაში სწორედ მაშინ გამოვლინდა. 2050 წლისთვის კი ევროკავშირი კლიმატურად ნეიტრალური უნდა გახდეს. ეს ნიშნავს, რომ ატმოსფეროში იმდენი სათბური აირი არ უნდა გამოიყოს, რამდენიც ბუნებრივად ან ხელოვნურად შეიძლება შთანთქას.
ამ მიზნის მიღწევაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს ბიოდიზელის დანერგვა სატრანსპორტო სფეროში. ბიოდიზელი – მცენარეული ზეთებისა და ცხოველური ცხიმებისგან მიღებული განახლებადი, ეკოლოგიურად სუფთა საწვავია. ნავთობდიზელისგან განსხვავებით არ აბინძურებს გარემოს და არ გამოყოფს მავნე ემისიებს ატმოსფეროში. დღეისათვის ბიოდიზელი მიჩნეულია როგორც ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური და ეკო-მეგობრული, ალტერნატიული საწვავი მსოფლიოში.
„2017 წელს პირველი ბიოსაწვავის წარმოება გაჩნდა საქართველოში, ჩვენ ახლა ვიმყოფებით სწორედ ამ საწარმოში, სადაც ხდება პირველ რიგში მიღება ჰორეკა ბიზნესისაგან მოწოდებული მეორეული მცენარეული საკვები ზეთების, კულინარიული ცხიმების და შემდგომ მისი დამუშავება. ცხადია, საქართველოში 2017 წლამდე ამის, ასე ვთქვათ, გამოცდილება არ არსებობდა, თუმცა უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეს უკვე 9-წლიანი გამოცდილება აქვს საქართველოს ბიოსაწვავის წარმოების კუთხით“, – ამბობს „ბიოდიზელი ჯორჯიას” მმართველი პარტნიორი მურმან პატარაია.
საქართველოში წარმოებულ ბიოსაწვავს, რომელზეც მურმან პატარაია საუბრობს, ამ ეტაპზე ევროკავშირის ქვეყნებში ყიდიან. იმისათვის, რომ ამგვარი საწვავის გამოყენების პრაქტიკა საქართველოში დაინერგოს, შესაბამისი საკანონმდებლო პაკეტის შემუშავება და დამტკიცებაა საჭირო.
„ძირითადი იდეა მდგომარეობს იმაში, რომ ის კანონმდებლობა, რომელიც დღეს ევროკავშირში მუშაობს და გულისხმობს იმას, რომ ბლენდირება ხდება ბიოსაწვავისა და ასე ვთქვათ არაჩვეულებრივი ნავთობდიზელის და ის გამოიყენება მომხმარებლების მიერ, ეს პრაქტიკა დაინერგოს საქართველოში. რა თქმა უნდა, ეს არ არის მარტივი პრაქტიკა, ამის დანერგვა უკვე დაწყებულია, მიმდინარეობს შესაბამისი სამუშაოები და გვაქვს ამის მოლოდინი ბიზნესს, რომ უახლოესი ორი-სამი წლის ფარგლებში სრული ჰარმონიზება მოხდება ამ ნაწილის.
ადგილობრივი ბაზარი სამომავლოდ ჩვენთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი და პრიორიტეტია. გამომდინარე იქიდან, რომ ამ ქვეყანაში ვცხოვრობთ, იმისთვის რომ გვაქვს სურვილი, რომ აქ წარმოებული პროდუქცია აქვე მოხმარდეს. მითუმეტეს, როცა საუბარია ეკომეგობრულ საწვავზე, განახლებად ენერგიაზე, რომელიც პირიქით, გარემოსთვის ასე ვთქვათ, დადებითად მასტიმულირებელია. ჩვენ მზად ვართ იმისთვის, რომ ამ პროცესში მნიშვნელოვანი მონაწილეობა მივიღოთ, მნიშვნელოვანი ასე ვთქვათ როლი მოგვენიჭოს და საქართველოს ბაზარი მაქსიმალურად დავაკმაყოფილოთ“, – გვიყვება მურმან პატარაია.
მურმან პატარაია იმ დეტალებსაც გვიზიარებს, როგორ მოხდება ბიოსაწვავის პრაქტიკაში დანერგვა.
„უნდა შეირჩეს ერთი კონკრეტული მუნიციპალიტეტი, რომლის მუნიციპალურ ავტოპარკში მოხდება ამ ბლენდირებული სახით ბიოსაწვავის გამოყენება და მისი წარმატებული პილოტირების შემდგომ, კოპირება ასე ვთქვათ, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში. ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მხარდაჭერის მექანიზმია”.
განახლებადი ენერგიების დანერგვა სატრანსპორტო სექტორში მეოთხე ენერგეტიკული პაკეტის მხოლოდ მცირე კომპონენტია. ევროკავშირის მიზანია, გაერთიანებაში შემავალი ქვეყნების მიერ მოხმარებული ენერგიის 42.5% სუფთა ენერგიაზე მოდიოდეს.
წყარო: UERONEWS GEORGIA