აფხაზეთის კერძო კინოფონდის დირექტორმა ალექსანდრე ბასარიამ ბოდიში მოიხადა რუს ტურისტებთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების გამო, რომელშიც ის ამბობდა, რომ რუსი ტურისტები დასვენებაზე ფულს ზოგავენ, რის შედეგადაც აფხაზეთში მცირე ბიზნესი ზარალდება.
ამავე საკითხზე სპეციალური განცხადება გაავრცელა თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ტურიზმის სამინისტრომაც.
საქმე ის არის, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში ბოლო კვირაა ერთ-ერთი ყველაზე ხშირად განხილული თემა სწორედ რუსი ტურისტების ფულის ეკონომიურად ხარჯვაა, რის გამოც სოციალურ ქსელებში ადგილობრივები და რუსეთის მოქალაქეები ერთმანეთს ედავებიან.
ამ თემას რამდენჯერმე გამოეხმაურა რუსული პროპაგანდისტული მედია. ერთ-ერთი გამოცემის მიერ მომზადებული სათაურია ასეთია – „დოშირაკის” სკანდალმა აფხაზეთში ტურიზმი ჩამოანგრია: რუსები მასიურად აუქმებენ სამგზავრო პაკეტებს”.
ალექსანდრე ბასარიამ ვიდეო მესიჯი საკუთარ ფეისბუქგვერდზე გამოაქვეყნა, სადაც თქვა, რომ ნანობს გაუაზრებელ ნათქვამს:
„მშვენივრად მესმის ადამიანებს გრძნობები, რომლებიც ჩემი უადგილო სიტყვებით განაწყენდნენ. აფხაზეთის მრავალეროვანი ხალხი ყოველთვის გამოირჩეოდა სტუმართმოყვარეობით. ახლა მესმის, რომ სწორედ ისეთი პროვოკაციული განცხადებები უქმნის საფრთხეს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას, როგორიც მე დავუშვი. ასევე მინდა გითხრათ, რომ ჩემი შექმნილი ფონდი – „აფხაზეთის კინო“ – ეს არის კერძო ორგანიზაცია და არანაირი კავშირი არ აქვს სახელმწიფო სტრუქტურებთან.
ძვირფასო თანამემამულენო, აფხაზეთის პატივცემულო სტუმრებო, გულწრფელად გთხოვს პატიებას, ძალიან ვნანობ ჩემს დაუფიქრებელ საქციელს“, – ამბობს ის ვიდეოში.
ოკუპირებული აფხაზეთის ტურიზმის დეფაქტო სამინისტრომ სპეციალურ განცხადებაში აღნიშნა, რომ სტუმრები რუსეთიდან არ უქმნიან საფრთხეს თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ეროვნულ უსაფრთხოებას.
„ისინი [რუსი ტურისტები] ტურისტული ნაკადის საფუძველი არიან და მრავალი წლის განმავლობაში ჩვენი რესპუბლიკის უმნიშვნელოვანეს სტუმრებად რჩებიან. ჩვენ გვიხარია, რომ ვხედავთ ყველას, ვინც მოგზაურობის ფორმატის მიუხედავად, აფხაზეთს დასასვენებელ ადგილად ირჩევს.
აფხაზეთი რჩება რუსეთის ფედერაციის საიმედო პარტნიორად და ნებისმიერი მცდელობები სიტუაციის სხვაგვარად წარმოჩენისა, არ შეესაბამება რეალობას” – წერია დე ფაქტო სამინისტროს განცხადებაში.