საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე 2025 წლის იანვარი-ივნისის სტატისტიკურ მონაცემებს აჯამებს. მაია ომიაძის განცხადებით, 6 თვეში საქართველომ მოგზაურთა რეკორდულ რაოდენობას უმასპინძლა.

„ტურიზმის ინდუსტრიაში პირველი ორი კვარტლის მონაცემებით, ძალიან წარმატებული სეზონი გვაქვს, რეკორდული მაჩვენებელია ტურისტულ ვიზიტებში. 6 თვეში საქართველოს  ტურისტების უპრეცედენტო, რეკორდული რაოდენობა ეწვია: დიდი ბრიტანეთიდან, ევროკავშირიდან და სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია სამიზნე ბაზრებზე აწარმოებს მარკეტინგულ კამპანიებს, წელს მოცულობითი, დიდი მასშტაბის კამპანიები გვაქვს ევროკავშირის ქვეყნებში, დიდ ბრიტანეთში, ინდოეთში, ჩინეთში, სპარსეთის ყურის სახელმწიფოებში, რომ გავზარდოთ საქართველოს ცნობადობა და მოვუწოდოთ მოგზაურებს ეწვიონ საქართველოს“- განაცხადა მაია ომიაძემ.

საქართველოში 2025 წლის იანვარი-ივნისის მონაცემებით ტურისტული ვიზიტების ახალი რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა და ისტორიულ მაქსიმუმს 2.3 მილიონ ვიზიტს მიაღწია. საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტების რაოდენობამ კი 3.2 მილიონი შეადგინა.

2025 წლის პირველ ორ კვარტალში, საქართველოში,  3,153,741 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, 2024 წელთან შედარებით ზრდა +4.4%-ია. იანვარი-ივნისის პერიოდში ქვეყანაში 2,270,363 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა, რაც 2024 წელთან შედარებით +6.9%-ით მეტია.

ინფორმაციას ტურიზმის ადმინისტრაცია ავრცელებს.