ზაფხულის სეზონი საკმაოდ წარმატებით დავიწყეთ, რაც განსაკუთრებით სასიხარულოა. ამ დროისთვის ვილა "ვარდის" დამსვენებელთა, დაახლოებით, 60% ადგილობრივია, ხოლო 40% – უცხოელი ვიზიტორი, - ამის შესახებ თელავში მდებარე ვილა "ვარდის" თანადამფუძნებელმა მეია ჯაშიაშვილმა "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.
მისივე თქმით, ტურისტული ობიექტი წინასწარ საკმაოდ აქტიურად იჯავშნება როგორც ქართველების, ისე უცხოელი სტუმრების მხრიდან, განსაკუთრებით შაბათ-კვირას. მეია ჯაშიაშვილი აღნიშნავს, რომ ტურისტული აქტივობა ობიექტს საშუალებას აძლევს უკეთ დაგეგმოს მომსახურება და ხარისხს მეტი ყურადღება მიაქციოს.
"იმის მიუხედავად, რომ ობიექტმა სულ რაღაც ერთი თვეა, რაც ფუნქციონირება დაიწყო, საკმაოდ დიდი გამოხმაურება გვაქვს. ეს შედეგი გვაძლევს უდიდეს მოტივაციას, რომ განვვითარდეთ და წინსვლა განვაგრძოთ.
მაღალი მოთხოვნაა კერძო ღონისძიებებისთვის, როგორიც არის დაბადების დღეები, პატარა ქორწილები, ან სხვა დღესასწაულები. ამ ეტაპზე პირველ რიგში ყურადღება გვაქვს გამახვილებული არსებული სივრცის სრულად ათვისებასა და პოპულარიზაციაზე. გაფართოების იდეები გვაქვს, მაგრამ კონკრეტულ გეგმებზე მოგვიანებით ვიფიქრებთ, როდესაც არსებული სივრცის სრულ პოტენციალს გამოვავლენთ", - აცხადებს მეია ჯაშიაშვილი.
ცნობისთვის, ვილა "ვარდი" ბაზარზე 2025 წლის ივლისში გამოჩნდა. ტურისტული ობიექტი თელავში, ულამაზეს, მშვიდ ადგილას, ბუნებასთან ახლოს მდებარეობს. ვილა "ვარდი" ასევე, ახლოს არის თელავის ტურისტულ ნაწილთან, მათ შორის, ქალაქის ღირსშესანიშნაობებთან.