„ამჟამად ყველაფერი რიგზეა, გულზე სანერვიულო არაფერია. მთავარია, რამდენად მოვახერხებ ორ დღეში ფორმაში შესვლას“, – ამის შესახებ საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, თორნიკე შენგელიამ გუნდის ვარჯიშის შემდეგ განაცხადა.

შენგელიას თქმით, სურვილი აქვს, ევრობასკეტზე პირველივე მატჩში ესპანეთთან გუნდთან ერთად იყოს.

„ამჟამად ყველაფერი რიგზეა, არ დაგიმალავთ, გულმა ცოტა შეგვაშინა, ცხოვრებაში ასეთი რამ პირველად დამემართა. ახლა გულზე საფიქრალი აღარ გვაქვს, ჩემს სხეულზე იქნება დამოკიდებული, რამდენად მოვახერხებ ორ დღეში ფორმაში შესვლას.

ორკვირიანი პაუზის შემდეგ პირველმა ვარჯიშმა ძალიან კარგად ჩაიარა, ტურნირამდე დარჩენილი მაქვს ერთი დღე, ჩემი სურვილია, პირველივე თამაშში გუნდთან ერთად ვიყო, ეს ზუსტად ხვალ გვეცოდინება. ამავდროულად, არ მსურს, ხელის შემშლელი ფაქტორი ვიყო, რადგან ფორმაში არ ვარ. ყველაფერს ვაკეთებ, რისი გაკეთებაც შეიძლება“, – განაცხადა შენგელიამ.

საქართველოს ნაკრების კაპიტანი ევრობასკეტისთვის მოსამზადებელი ეტაპის ერთ-ერთ პირველ შეხვედრაში ესტონეთთან გულის არითმიამ შეაწუხა, რის შემდეგაც შენგელია კვლევებისთვის ესპანეთში გაემგზავრა. ის კვიპროსში 25 აგვისტოს ჩავიდა და ვარჯიში ინდივიდუალური პროგრამით დაიწყო.

საქართველოს ნაკრები ევრობასკეტზე პირველ შეხვედრას 28 აგვისტოს ესპანეთთან ჩაატარებს, მატჩი თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება, ხოლო პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

1tv.ge