30 აპრილს ვაშინგტონში აშშ-სა და უკრაინას შორის გაფორმდა შეთანხმება, რომელიც აშშ-უკრაინის რეკონსტრუქციის საინვესტიციო ფონდის შექმნას ისახავს მიზნად.
"იმ მნიშვნელოვანი ფინანსური და მატერიალური დახმარების ნიშნად, რომელიც ამერიკელმა ხალხმა რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ უკრაინას გაუწია, ეს ეკონომიკური პარტნიორობა ჩვენს ორ ქვეყანას საშუალებას აძლევს ითანამშრომლონ და ერთად განახორციელონ ინვესტიციები, რათა ჩვენი საერთო რესურსების, ნიჭისა და შესაძლებლობების დახმარებით უკრაინის ეკონომიკური აღდგენა დააჩქარონ". - ნათქვამია აშშ-ს ხაზინის დეპარტამენტის განცხადებაში.
შეთანხმების მიხედვით, აშშ-ს ფინანსთა სამინისტრო და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაცია (DFC) უკრაინის მთავრობასთან ითანამშრომლებს, რათა საბოლოოდ განისაზღვროს პროგრამის მართვის წესები.
"მდგრადი მშვიდობის მისაღწევად პრეზიდენტ ტრამპის დაუღალავი ძალისხმევის წყალობით მოხარული ვარ აშშ-სა და უკრაინას შორის დღევანდელი ისტორიული ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმების ხელმოწერის შესახებ გამოვაცხადო, რომლის ფარგლებშიც აშშ-უკრაინის რეკონსტრუქციის საინვესტიციო ფონდი შეიქმნება". - განაცხადა აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა, სკოტ ბესენტმა.
"როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ამერიკის შეერთებული შტატები მზად არის ხელი შეუწყოს ამ უსამართლო და დაუნდობელი ომის დასრულებას. ეს შეთანხმება მკაფიო გზავნილია რუსეთისთვის, ტრამპის ადმინისტრაცია მტკიცედ უჭერს მხარს სამშვიდობო პროცესს, რომლის მიზანიც თავისუფალი, სუვერენული და აყვავებული უკრაინაა." - აღნიშნა ბესენტმა.
მისი თქმით, არცერთ სახელმწიფოს ან პირს, ვინც დააფინანსა ან იარაღი მიაწოდა რუსეთის სამხედრო მანქანას, უკრაინის რეკონსტრუქციიდან სარგებლის მიღების უფლება არ ექნება.
განცხადებაში წერია, რომ აშშ-ს და უკრაინის მთავრობები მოუთმენლად ელიან ეკონომიკური პარტნიორობის ამოქმედებას, რაც როგორც უკრაინელ, ისე ამერიკელ ხალხს მოუტანს სარგებელს.