ავიაკომპანია SWISS გააგრძელებს ოპერირებას, როგორც დამოუკიდებელი ბრენდი, საკუთარი ხელმძღვანელობით და ციურიხში არსებული ბაზით, მიუხედავად იმისა, რომ კომპანია Lufthansa Group-ის ნაწილია. ამის შესახებ SWISS-ის გენერალურმა დირექტორმა, იენს ფელინგერმა (Jens Fehlinger), განაცხადა ინტერვიუში შვეიცარიულ გამოცემა SonntagsBlick-თან.
მისი თქმით, Lufthansa Group-ის ფარგლებში სტრუქტურული კონსოლიდაციის პროცესი მიმდინარეობს, და მიუხედავად იმისა, რომ SWISS-ს შეენარჩუნება ოპერატიული დამოუკიდებლობა, გარკვეული ფუნქციები — მათ შორის IT-სისტემებისა და მარშრუტების დაგეგმვა – გერმანიაში, ფრანკფურტში იქნება კონცენტრირებული. ფელინგერის განმარტებით, ეს ნაბიჯი ხელს შეუწყობს რესურსების უკეთ გამოყენებას და ჯგუფის საერთო ეფექტიანობის ზრდას.
ფელინგერმა კომენტარი გააკეთა თანამშრომლების მომავალზეც:
„ჩვენთვის შტატების შემცირება არასოდეს ყოფილა მიზანი, მაგრამ უარყოფა იმისა, რომ ასეთი გადაწყვეტილება ზოგიერთ შემთხვევაში აუცილებელი გახდება – გულუბრყვილობა იქნებოდა,“ – აღნიშნა მან. ასევე დასძინა, რომ შესაძლებელია სამუშაო ადგილების გადანაწილება ციურიხსა და ფრანკფურტს შორის.
SWISS-ის ხელმძღვანელმა ასევე ისაუბრა შეერთებულ შტატებში ვიზიტის შესახებ, სადაც მას შეხვედრები ჰქონდა ავიაციის სფეროსა და ბიზნესწრეების წარმომადგენლებთან.
„Lufthansa Group-ისთვის გადამწყვეტად მნიშვნელოვანია შვეიცარიის ეკონომიკის მდგრადობა და განვითარება. ჩვენი მისიაა, დავაკავშიროთ შვეიცარია გლობალურ ბაზრებთან,“ – განაცხადა ფელინგერმა.
მისივე თქმით, ჯგუფი განიხილავს ახალ შესაძლებლობებს, მათ შორის Boeing-ის თვითმფრინავების იმპორტს შვეიცარიის გავლით, რაც კომპანიის სტრატეგიული მიზნების ნაწილია.