გასულ წელს ბელგიამ, შრომით საქმიანობასთან დაკავშირებული გადასახადების სიდიდის კუთხით, მსოფლიო ჩემპიონის ტიტული შეინარჩუნა. ამის შესახებ ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) მიერ ოთხშაბათს, 30 აპრილს გამოქვეყნებულ ანგარიშშია აღნიშნული.

საშუალო ხელფასის მქონე მარტოხელა უშვილო დასაქმებულის შემთხვევაში, სხვაობა დამსაქმებლის მთლიან ხარჯსა და მიღებულ წმინდა ხელფასს შორის, რომელიც „საგადასახადო სოლის“ სახელით არის ცნობილი, 52.6 პროცენტს აღწევს. აღსანიშნავია, რომ OECD-ის წევრ არც ერთ ქვეყანაში ეს მაჩვენებელი 50%-იან ნიშნულს არ აღემატება.

შემდეგ მოდიან გერმანია (47.9%) და საფრანგეთი (47.2%), OECD-ის საშუალო მაჩვენებელი კი 34.9%-ია - ძირითადად, ისეთი ქვეყნების წყალობით, როგორიცაა კოლუმბია და ჩილე, სადაც შრომის საგადასახადო ტვირთი გაცილებით დაბალია. „საგადასახადო სოლში“ ასახულია ყველა საშემოსავლო გადასახადი, დასაქმებულისა და დამსაქმებლის სოციალური დაზღვევის შენატანები, ნაღდი ფულადი სარგებლის გამოკლებით.

საგადასახადო ტვირთის სიმძიმის მხრივ, ბელგია სხვა ტიპის შინამეურნეობების კუთხითაც გამორჩეულია. ორშვილიანი ოჯახისთვის, რომელშიც ორივე მშობელი დასაქმებულია, საგადასახადო ტვირთი ბელგიაში 44.8%-ს აღწევს, საფრანგეთში - 41%-ს, ხოლო გერმანიაში - 40.9%-ს. ბავშვებიანი ოჯახისთვის, რომელშიც მხოლოდ ერთი წევრია დასაქმებული, საგადასახადო ტვირთი ბელგიაში 19.8%-მდეა შემცირებული, რაც ამ ქვეყანას „საუკეთესო“ სამეულს მიღმა ტოვებს ტოვებს.

OECD-ის ანგარიშის თანახმად, შრომით შემოსავლებზე საგადასახადო წნეხი ბელგიაში გასულ წელს ზოგიერთი კატეგორიისთვის ოდნავ შემცირდა (მაგალითად, 0,10 პროცენტული პუნქტით - უშვილო მარტოხელებისთვის), მაშინ, როდესაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმრავლესობაში ზრდის ტენდენცია დაფიქსირდა. ამ უმნიშვნელო შემცირების მიუხედავად, ბელგია რჩება ერთადერთ ინდუსტრიულ ქვეყანად, სადაც შრომითი საქმიანობის დაბეგვრა 50%-ს აღემატება.

ზოგადად, 2024 წელს, საშუალო ხელფასის მქონე მარტოხელა დაქირავებულების შემოსავალი (რეალურ გამოხატულებაში) OECD-ის 38 ქვეყნიდან 28-ში გაიზარდა. წინა წლებში კი, ამ კუთხით, საპირისპირო ტენდენცია შეიმჩნეოდა - 2023 წელს საშუალო ხელფასის მქონე მარტოხელა დაქირავებულების შემოსავალი OECD-ის წევრ 21 ქვეყანაში შემცირდა, 2022 წელს კი - 33 ქვეყანაში.

1tv.ge