ბილ გეიტსმა ილონ მასკი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დახურვით „მილიონზე მეტი ბავშვის მკვლელობაში“ დაადანაშაულა. იმავე განცხადებაში Microsoft-ის დამფუძნებელმა „გეიტსების ფონდის“ საშუალებით მომდევნო ორ ათწლეულში საქველმოქმედო საქმიანობის დაჩქარება დააანონსა.
გეიტსის ინფორმაციით, ფონდი, რომელიც 2000 წელს შეიქმნა, მომდევნო ოცი წლის განმავლობაში $200 მილიარდზე მეტს გასცემს და 2045 წლის 31 დეკემბრისთვის დაიხურება. თავდაპირველი გეგმით, ფონდი, ბილ და მელინდა გეიტსების გარდაცვალებიდან სულ მცირე 20 წელიწადში უნდა დახურულიყო, თუმცა ინვესტიციების გაორმაგების შემთხვევაში ფონდის მიზნების მიღწევა ბევრად მოკლე ვადებშიც შესაძლებელია.
ბილ გეიტსის თქმით, ფონდის დახურვამდე ის ფაქტობრივად მთელ თავის სიმდიდრეს გასცემს. შედეგად, Microsoft-ის დამფუძნებლის ქონება, რომელიც Forbes-ის მიერ ამჟამად $113 მილიარდად ფასდება, 2045 წლისთვის დაახლოებით 99%-ით შემცირდება. ცნობისთვის, მიმდინარე წელს „გეიტსების ფონდმა“ ისტორიულად ყველაზე დიდი ბიუჯეტი დაამტკიცა და 2026 წლამდე $9 მილიარდის გაცემას გეგმავს.
დარჩენილი 20 წლის განმავლობაში, გეიტსი იმედოვნებს, რომ გაცემული დონაციებით ახალშობილებში, ბავშვებსა და დედებში სიკვდილიანობის მაჩვენებელს შეამცირებს, იბრძოლებს სიღარიბის აღმოფხვრისთვის და ისეთი ტიპის დაავადებების წინააღმდეგ, როგორებიცაა პოლიომიელიტი, მალარია და წითელა.
ბილ გეიტსი მასკისა და DOGE-ის საქმიანობას „გეიტსების ფონდის“ 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას გამოეხმაურა. გეიტსმა განაცხადა, რომ როდესაც საქმე USAID-ის საქმიანობას ეხება, მას ილონ მასკზე მეტი ესმის. მილიარდერის თქმით, „მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის მიერ პლანეტის უღარიბესი ბავშვების მკვლელობა სასიამოვნო სანახავი არაა“. მისივე თქმით, მასკის ნაბიჯები ამ შედეგს დროთა განმავლობაში გამოიწვევს.
განცხადებას ილონ მასკი პლატფორმა X-ის საშუალებით გამოეხმაურა და ბილ გეიტსს „მატყუარა“ უწოდა.
წყარო: forbs.ge