The Economic Times წერს, რომ რომის ახალი პაპის, ლეო XIV-ის რწმენისა და ლიდერობის გარდა, მისმა ფინანსებმაც დიდი ინტერესი გამოიწვია.
თუმცა აღმოჩნდა, რომ ლეო XIV, წინამორბედ პაპ ფრანცისკეს მსგავსად, მარტივი ცხოვრების წესს ანიჭებს უპირატესობას და ფული, ზოგადად, პაპობის მამოძრავებელი ძალა არ არის.
მართალია, რობერტ ფრანცის პრევოსტის ამჟამინდელი სუფთა ქონება უცნობია, მაგრამ, გამოცემა Merca20-ის თანახმად, კარდინალობის დროს ის ყოველთვიურად 4000-დან 5000 ევრომდე ხელფასს იღებდა.
თუმცა ამჯერად პაპი ლეო XIV, კარდინალობისგან განსხვავებით, უზენაესი პონტიფიკოსის თანამდებობისთვის ტრადიციულ ხელფასს ვერ აიღებს, რადგან ვატიკანი სტიპენდიებისა და დანამატების მეშვეობით მის ყველა საჭიროებას ფარავს, როგორიც არის ტანსაცმელი, საკვები, სამედიცინო მომსახურება, ტრანსპორტირება და სხვ.
ზოგადად, რომის პაპისთვის მრავალი რესურსი არის ხელმისაწვდომი. გამოცემის თანახმად, პაპებს, როგორც ავტომობილებზე, ასევე, მათ სიტუაციასთან დაკავშირებულ სხვა შეღავათებზე აქვთ წვდომა.
ცნობისთვის: ამერიკელი რობერტ ფრანცის პრევოსტი 133-მა კარდინალმა ახალ რომის პაპად 8 მაისს აირჩია. ის რომის 267-ე, ხოლო ისტორიაში პირველი ამერიკელი პაპია. რობერტ ფრანცის პრევოსტი 1955 წლის 14 სექტემბერს, ჩიკაგოში დაიბადა. მათემატიკის ბაკალავრის დიპლომი პენსილვანიის ვილანოვას უნივერსიტეტში მიიღო, ხოლო თეოლოგიის დიპლომს ჩიკაგოს კათოლიკურ-თეოლოგიურ კავშირში დაეუფლა. მოგვიანებით რომის წმინდა თომა აკვინელის პონტიფიკალურ უნივერსიტეტში, კანონიკური სამართლის შესასწავლად გაგზავნეს და 1982 წელს მღვდლად აკურთხეს. დეკადის განმავლობაში პერუს ქალაქ ტრუხილიოში მოღვაწეობდა და იქაურ სემინარიაში კანონიკურ სამართალს ასწავლიდა, შემდეგი კი, 2014-2023 წლებში, პერუს კიდევ ერთ ქალაქ ჩიკლაიოში ეპისკოპოსად მსახურობდა. 2015 წლიდან, ამერიკელობის პარალელურად, პერუს მოქალაქეობაც მიიღო.
(წყარო: bpn.ge)
რა ქონებას ფლობდა პაპი ფრანცისკე?
რომის კათოლიკური ეკლესია პაპ ფრანცისკეს გარდაცვალებას გლოვობს, რომელიც 2025 წლის 21 აპრილს გარდაიცვალა, ხოლო 26 აპრილს დაკრძალეს. პაპი საზოგადოებამ ბოლოს 20 აპრილს იხილა, როდესაც მან წმინდა პეტრეს ბაზილიკის აივნიდან ტრადიციულად საზოგადოებას მიმართა და სააღდგომო კურთხევა წარმოთქვა.
პაპის გარდაცვალების შემდეგ, საზოგადოება და სხვადასხვა მედია გამოცემა დაინტერესებულია, თუ რა ქონებას ფლობდა რომის 266-ე პაპი.
პაპ ფრანცისკე სიცოცხლეშივე ცნობილი იყო თავისი მოკრძალებული ცხოვრების წესითა და მატერიალური სიმდიდრისადმი უარყოფითი დამოკიდებულებით.
სხვადასხვა წყაროს, მათ შორის Hello! და Marca-ს ინფორმაციით, მისი პირადი ქონება დაახლოებით £16 მილიონს (დაახლოებით $20 მილიონი) შეადგენდა. ქონებაში შედიოდა პაპის თანამდებობასთან დაკავშირებული აქტივები, როგორიცაა ავტომობილები, საცხოვრებელი ადგილი და სამოსი.
საინფორმაციო სააგენტო realestate-ის ინფორმაციით, ფრანცისკეს ოფიციალური ხელფასი წლიურად £384,000-ს (დაახლოებით $801,000) შეადგენდა, თუმცა ცნობილია, რომ მან უარი თქვა ამ თანხის პირად მოხმარებაზე და იგი საქველმოქმედო ფონდებში გადარიცხა. ხოლო, მის ძირითად საჭიროებებს, როგორიცაა ცხოვრების ხარჯები, საკვები, ტანსაცმელი და მოგზაურობა, ვატიკანი იხდიდა.
სიცოცხლის ბოლომდე, პაპი ფრანცისკე ცხოვრობდა ვატიკანის სტუმართა სახლში, Casa Santa Marta-ში და არა პაპის ოფიციალურ სასახლეში. იგი ხშირად სტუმრობდა ადგილობრივ მაღაზიებს და იყენებდა უბრალო სამოსს, რითაც კიდევ ერთხელ უსვამდა ხაზს სულიერი ღირებულებებისადმი ერთგულებას.
ფრანცისკემ არ დატოვა პირადი ქონება, რომელიც საჭიროებდა მემკვიდრეობის გადანაწილებას. მისი ძირითადი აქტივები დაკავშირებული იყო პაპის სტატუსთან და ვატიკანს ეკუთვნოდა. Celebrity Net Worth-ის თანახმად, მისი წმინდა ქონება მისი გარდაცვალების დროს, მხოლოდ 100 ფუნტ სტერლინგს (208 აშშ დოლარი) შეადგენდა.
შეგახსენებთ, რომ პაპი ფრანცისკე, პაპობამდე ხორხე მარიო ბერგოლიო, დაიბადა არგენტინის დედაქალაქ ბუენოს-აირესში. 2013 წელს ის აირჩიეს რომის კათოლიკური ეკლესიის 266-ე პაპად, რითაც გახდა პირველი ლათინოამერიკელი, პირველი იეზუიტი და პირველი პონტიფექსი ბოლო ათასი წლის განმავლობაში, რომელიც დაიბადა ევროპის ფარგლებს გარეთ.