ამერიკის უმსხვილესმა საინვესტიციო კომპანია BlackRock-მა უკრაინის აღდგენის ფონდისთვის ინვესტორების ძიება შეაჩერა ამერიკის შეერთებულ შტატებში დონალდ ტრამპის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, - ამის შესახებ იუწყება უკრაინული მედია Bloomberg-ზე დაყრდნობით.

გამოცემის ინფორმაციით, BlackRock-ი გეგმავდა ფონდის შექმნის შესახებ განცხადების გაკეთებას იტალიაში, უკრაინის აღდგენის კონფერენციის ფარგლებში, რომელიც 10-11 ივლისს გაიმართება. აღნიშნულ კონფერენციას იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დაესწრებიან.

Bloomberg-ის წყაროების ცნობით, იანვარში BlackRock-მა გადაწყვიტა შეეჩერებინა მოლაპარაკებები ინსტიტუციურ ინვესტორებთან უკრაინის მომავლის ირგვლივ მზარდი გაურკვევლობის ფონზე ინტერესის არარსებობის გამო.

საფრანგეთი მუშაობს ფონდის შეთავაზებაზე, რომელიც BlackRock-ის გაუქმებულ ინიციატივას ჩაანაცვლებს, მაგრამ გაურკვეველია, რამდენად ეფექტური იქნება ახალი გეგმა აშშ-ის მხარდაჭერის გარეშე.