იტალიურმა საოჯახო ტკბილეულის მწარმოებელმა კომპანიამ ,,Ferrero International SA’’ თანხმობა განაცხადა WK Kellogg Co.-ის 3.1 მილიარდ დოლარად შეძენაზე. Ferrero 23 დოლარს გადაიხდის Kellogg-ის თითო აქციაში (ნაღდ ფულში). მიღებული გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი ნაბიჯია და კომპანიას აშშ-ის ბაზარზე უფრო ღრმად შესვლას უზრუნველყოფს.

გარიგების გამოცხადების შემდეგ, WK Kellogg-ის აქციები 31%-ით გაიზარდა და 22.87 დოლარს გაუტოლდა. გარიგება აერთიანებს ისეთი ცნობილი პროდუქტების მწარმოებლებს, როგორიცაა Nutella, Kinder Bueno, Tic Tac. ასევე, მარცვლეულის ბრენდებს Froot Loops, Frosted Flakes და Rice Krispies. ამ გზით Ferrero საკვების ხაზს აფართოებს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ მომენტში, როცა კაკაოს ფასები რეკორდულად მაღალია და მომხმარებლების მოთხოვნები მკვეთრად ცვალებადი.

Bloomberg Intelligence-ის ანალიტიკოსების შეფასებით, გარიგება Ferrero-ს მიანიჭებს “უფრო დიდ მასშტაბს და ძლიერ პოზიციას აშშ-ში”, ხოლო Kellogg-ს კი ექნება მეტი რესურსი და მოქნილობა ბრენდების გასაზრდელად.

2023 წელს Kellogg ორ დამოუკიდებელ კომპანიად გაიყო: მარცვლეულის ბიზნესი WK Kellogg-ის სახით დარჩა, ხოლო წასახემსებელი პროდუქტების მიმართულებას Kellanova ეწოდა. გაყოფის შემდეგ, WK Kellogg სერიოზულ გამოწვევებს შეეჯახა. მათ შორის იყო მოთხოვნის ვარდნა და მარცვლეულის ბაზრის შემცირება ჩრდილოეთ ამერიკაში. მაისში კომპანიამ შეამცირა წლიური გაყიდვების პროგნოზი. აღმასრულებელმა დირექტორმა გარი პილნიკმა მაშინ აღნიშნა, რომ რთულ ოპერაციულ გარემოში მოქმედებდნენ, სადაც მომხმარებლები უფრო იაფ ალტერნატივებზე და ნაკლებად ტკბილ პროდუქტებზე გადადიან. მეორე კვარტალში გაყიდვების პროგნოზი შეადგენს 610–615 მილიონ დოლარს, რაც პირველ კვარტალთან შედარებით შემცირებულია. პირველ კვარტალში შემოსავალმა 663 მილიონი შეადგინა.

Ferrero-სთვის ეს გარიგება იმ სტრატეგიის გაგრძელებაა, რომელსაც კომპანია ბოლო წლებია ავითარებს. 2018 წელს მან აშშ-ში Nestlé-ს ტკბილეულის ბიზნესი შეიძინა, 2019-ში კი Keebler-ისა და Famous Amos-ის ბრენდები.

Ferrero გეგმავს ინვესტირებას ისეთ საკვანძო ბრენდებში, როგორიცაა Frosted Flakes და Rice Krispies, და სხვა პროდუქტებში, რომლებიც „ძალიან უყვართ ამერიკელ მომხმარებლებს“. კომპანიის განცხადებით, ბეტლ კრიკი, მიჩიგანი, სადაც ისტორიულად მდებარეობს Kellogg-ის სათავო ოფისი, დარჩება ძირითად ლოკაციად და Ferrero-ს ჩრდილოეთ ამერიკის მარცვლეულის განყოფილების შტაბ-ბინა გახდება.

სამომხმარებლო პროდუქციის ინდუსტრიაში კომპანიების გაერთიანება ბოლო წლებში გლობალურ ტენდენციად იქცა. კომპანიების კონსოლიდაცია ინფლაციამ განაპირობა. მასზე გავლენა მოახდინა ასევე ნედლეულის ფასების ზრდამ და რთულმა სავაჭრო გარემომ.

მაგალითად, კაკაოს ფასები 2023 წლის შემდეგ თითქმის გასამმაგდა, რაც ტკბილეულის ინდუსტრიაზე პირდაპირ გავლენას ახდენს. ამავდროულად, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, ტარიფების პოლიტიკამ შექმნა დამატებითი წნეხი იმ კომპანიებისთვის, რომლებიც მცირე მოგების მარჟით მუშაობენ და გლობალურად ოპერირებენ.

ანალიტიკოსები ამბობენ, რომ Ferrero-სთვის WK Kellogg-ის შეძენა შეიძლება აღმოჩნდეს სტრატეგიულად გამართლებული ნაბიჯი, რომელიც გააძლიერებს მის პოზიციებს აშშ-ში და კომპანიას შესაძლებლობას მისცემს, განავითაროს თავისი ბრენდები ჯანმრთელობისადმი და ფასთან მიმართებაში მგრძნობიარე მომხმარებლისთვის.