იმ "ყიჟინის" ფონზე, რომ ევროპა რუსული გაზის გარეშე გაიყინება, გაზპრომი შიდა ბაზარზე პრეფერენციებს იღებს. მოსახლეობისთვის გაზის ტარიფი 2028 წლამდე, ეტაპობრივად, 48.1%-ით გაიზრდება, - ამის შესახებ საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების ანალიტიკოსი, გოგიტა სურამელაშვილი წერს.

მისი თქმით, რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული სოციალურ-ეკონომიკური განვითარების განახლებული საპროგნოზო დოკუმენტის თანახმად, დაგეგმილია ფასების ეტაპობრივი ზრდა.

„2026 წლის 1 ივლისიდან 2028 წლამდე, რუსეთის მოქალაქეებისთვის "ეროვნული განძის" - გაზის ფასი 26.6%-ით გაიზრდება.

ამას დავამატოთ 2024 წელს უკვე განხორციელებული ინდექსაცია (11.2%), პლუს 2025 წლის ივლისისთვის დაგეგმილი ზრდა (10.3%). ამრიგად, ფასების ზრდა 48.1%-ს შეადგენს. ეს კეთდება „გაზპრომის“ იმ დანაკარგების ნაწილობრივ მაინც, დასაფარად, რომლებიც დაკავშირებულია კომპანიის ექსპორტის კრახთან, რაც გამოწვეულია ბოლო წლებში ევროპაში რუსული გაზის მიწოდების მკვეთრი შემცირებით.

გასული წლის შედეგების მიხედვით, „გაზპრომმა“ უპრეცედენტო ზარალი აჩვენა ერთი ტრილიონი რუბლის ოდენობით. ამავდროულად, კომპანიას გააჩნია ვალდებულებები განახორციელოს საინვესტიციო პროგრამები, შეინარჩუნოს გაზის ტრანსპორტირების სისტემის ფუნქციონირება და რაც მთავარია, განახორციელოს გაზიფიკაციის სოციალური პროგრამა რუსეთში - ეს კი, პრეზიდენტის პირდაპირი ბრძანებაა.

ამავე საპროგნოზო დოკუმენტის თანახმად, ეკონომიკური განვითარების სამინისტრო პროგნოზირებს, რომ მიმდინარე წლის ბოლოსთვის ინფლაცია 7.6%-მდე შემცირდება, ხოლო 2026 წლიდან, ნანატრ, 4%-იან დონემდე ჩამოვა.

ისმის კითხვა: როგორ შეიძლება ებრძოლო ინფლაციას, თუ გაზის ფასი ძვირდება არა მხოლოდ მოსახლეობისთვის (10.3%-ით), არამედ მრეწველობისთვისაც (21.3%-ით) მხოლოდ 2025 წელს?

არ მატებს ოპტიმიზმს ასევე რუსეთის ცენტრალური ბანკის მიერ ა.წ. 13 მაისს გაკეთებული განცხადება, რომ ინფლაციის შენელების ტემპები, ამჟამად, არასაკმარისია.

ცენტრალური ბანკი ვარაუდობს, რომ მიმდინარე წლის მეორე კვარტლის ბოლოსთვის, ინფლაცია 10.1%-მდე შემცირდება. იმისათვის, რომ 2026 წელს მოხდეს მისი 4%-მდე შემცირება, შესაძლოა საჭირო გახდეს საბაზო საპროცენტო განაკვეთის კიდევ ზრდა“, - წერს სურამელაშვილი.