382 კომპანია ერთ წელიწადში - ირანის მოქალაქეებისთვის საქართველო ბიზნესის კეთების ოაზისად იქცა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, მხოლოდ 2024 წელს რეგისტრირებული ირანული კომპანიების რიცხვი 2020 წელთან შედარებით 150%-თაა გაზრდილი. ჯამურად კი, ბოლო 10 წელიწადში, 9300 კომპანიაა რეგისტრირებული. როგორ ავარიდოთ თავი სანქციებს საქართველოს დახმარებით? - ირანული ინტერნეტ სივრცე თაღლითური სქემებით და რჩევებითაა გადავსებული.
"სამოქალაქო იდეის" ანგარიშის მიხედვით, "ოცნებისა" და თეირანის პოლიტიკურ თანამშრომლობასთან ერთად, საქართველოსა და ირანს შორის სავაჭრო ბრუნვაც მზარდია. მაგალითად, გაზრდილია ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტი. წინა წლებთან შედარებით 2024 წლის მაჩვენებელი, დაახლოებით, გასამმაგებულია და 2 მილიონ დოლარს აღწევს.
ირანი, რომელიც არაერთი საერთაშორისო სანქციის ქვეშ არის, სხვადასხვა სქემების გამოყენებით, მაინც ახერხებს მსოფლიო ბაზარზე ნავთობის გატანას. მაგალითად, საქართველოში რეგისტრირებული კომპანიების გამოყენებით, თეირანს შეუძლია, დაუკავშირდეს როგორც რუსულ და ჩინურ, ისე დასავლეთის ბაზრებს. არადა, ამერიკის პრეზიდენტი ყველა ქვეყანას აფრთხილებს, რომ ირანული ნავთობის ან ნავთობქიმიური პროდუქტების შესყიდვა უნდა შეწყდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ირანის მოკავშირეები შეერთებული შტატების მეორად სანქციებს დაექვემდებარებიან.