როგორც ჩანს, ერთი იშვიათი მუტაცია ადამიანებს პრაქტიკულად უვნებელს ხდის ვირუსებისადმი; თანაც, პოტენციურად შესაძლებელია, რომ ეს მუტაცია მკურნალობაში გამოვიყენოთ. მკვლევრებმა აჩვენეს, რომ ამ საოცარი ვირუსული თავდაცვის გამეორება შესაძლებელია თაგვებსა და ზაზუნებში.
„ჯერ არ გვიპოვია ვირუსი, რომელსაც თერაპიის დაცვის გარღვევა შეუძლია (უჯრედული კულტურის ტესტებში)“, — განმარტავს კოლუმბიის უნივერსიტეტის იმუნოლოგი დუსან ბოგუნოვიჩი, რომელმაც ეს უჩვეულო ვირუსული სუპერძალა 13 წლის წინ პირველმა აღმოაჩინა.
მუტაცია, ინტერფერონით სტიმულირებული გენი 15 დეფიციტი (ISG15), სხეულში განაპირობებს მსუბუქ, მაგრამ გამუდმებულ ანთებას. პაციენტების იმუნური უჯრედების შესწავლამ აჩვენა, რომ მათ ჩვეულებრივ ხვდებოდათ გრიპი, წითელა, ჩუტყვავილა და ყბაყურა, მაგრამ არასოდეს აღწერდნენ ამის გამო განსაკუთრებით ცუდად ყოფნის შეგრძნებას.
შემდეგმა კვლევებმა ცხადყო, რომ მათი სხეულები ვირუსთან მებრძოლი ცილები მუდმივად განგაშის დაბალ დონეზე იმყოფებოდნენ და ბოლო წუთს არ ესხმოდნენ თავს, როგორც ეს უმეტეს ადამიანში ხდება.
„სადღაც გონებაში ვფიქრობდი, რომ თუ სხვა ადამიანებშიც შევძლებდით ამ სახის მსუბუქ იმუნურ აქტივაციას, მათ ნებისმიერი ვირუსისგან დავიცავდით“, — ამბობს ბოგუნოვიჩი.
ახლახან, ბოგუნოვიჩმა და მისმა კოლეგებმა mRNA ვაქცინების მსგავსი ტექნოლოგია გამოიყენეს ლაბორატორიის ცხოველებში ISG15-ის დროებითი დეფიციტის წარმოსაქმნელად. თერაპია უზრუნველყოფს ინსტრუქციებს, რომლებიც სამიზნე უჯრედებს 10 ცილის დაგროვებაში ეხმარება; ეს ის ცილებია, როლებიც როგორც ჯგუფმა დაადგინა, ძირითადი პასუხისმგებელია ანტივირუსულ ეფექტებზე.
თაგვებსა და ზაზუნებზე ჩატარებულ ცდებში წარმატებით წარმოიქმნა ბევრი ასეთი ცილა, რომლებიც ვირუსებს მათი სასიცოცხლო ციკლის მრავალ ეტაპზე დაესხნენ თავს.
ამის შემდეგ, მკვლევრებმა ვაქცინირებულ ცხოველებს COVID-19-ის გამომწვევი კორონავირუსი, SARS-CoV-2 შეუყვანეს. დამცავმა ცილებმა ინფექცია შეზღუდეს, მაგრამ არ ჩაერივნენ ცხოველების დანარჩენი იმუნური სისტემების ფუნქციონირებაში.
„ჩვენ ამ 10 ცილის მხოლოდ მცირე რაოდენობა გამოვიმუშავეთ, ძალიან მცირე ხნით, რამაც იმაზე გაცილებით მცირე ანთება გამოიწვია, რასაც ISG15-დეფიციტურ ინდივიდებში ვხედავთ. თუმცა, ეს ანთება საკმარისია ვირუსულ დაავადებათა პრევენციისთვის“, — განმარტავს ბოგუნოვიჩი.
ინოკულაციის ეფექტები დროებითი იყო, ოთხ დღეს გაგრძელდა. შეიძლება არც ისე დიდი დრო ჩანდეს იმისათვის, რათა გამოსადეგი იყოს ვაქცინის პლატფორმისთვის, მაგრამ ის შეიძლება გაუკეთდეთ ჯანდაცვის მუშაკებს მოკლევადიანი დაცვისთვის, იქამდეც კი, ვიდრე კონკრეტულ ვირუსთა ვაქცინები შეიქმნება.
„გვჯერა, რომ ეს ტექნოლოგია მაშინაც იმუშავებს, თუკი ვირუსის იდენტიფიცირებას ვერ შევძლებთ“, — ამბობს ბოგუნოვიჩი.